„საქართველო, საბაჟო საზღვრის მართვის სფეროში, საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების კუთხით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა” , - ამის შესახებ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კუნიო მიკურიომ დღეს, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია/გამოფენის ფარგლებში გამართულ, მსო-სა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისად, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენციის საქართველოში ჩატარების მთავარი მიზეზი ამ ქვეყნის მიერ აღნიშნულ სფეროში მიღწეული უდიდესი შედეგებია.
”საქართველო ცდილობს, გახდეს ვაჭრობის ცენტრი, ერთგვარი ჰაბი, ამიტომაც აღნიშნული მასშტაბის ღონისძიება, კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, კავშირების განმტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია და ახალ წარმატებებს მოუტანს ამ შესანიშნავ ქვეყანას”, -განაცხადა კუნიო მიკურიომ.
„ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, ერთმანეთს გაუზიარონ საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით არსებული გამოცდილება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული და გადამხდელებს, იმპორტიორებს და ექსპორტიორებს მოქნილ და მოხერხებულ სერვისებს სთავაზობს. შემოსავლების სამსახურისთვის დოკუმენტაციის წარდგენა სრულად ელექტრონული ფორმით ხორციელდება. მინიმალურ დროში წარმოებს ტვირთის გაფორმების პროცედურებიც“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საბაჟო საქმიანობაში აქცენტს სხვადასხვა ქვეყნებთან საბაჟო ინფორმაციის წინასწარ გაცვლაზე აკეთებს.
„შევქმნით ტვირთების გაფორმების პროცედურის მოქმნილ და ეფექტურ სისტემას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებას“, - აღნიშნა გიორგი თაბუაშვილმა.
პრესკონფერენციის დასასრულს საქართველოს ფინანასთა სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიებს შორის გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
შეთანხმებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით, ხელი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვახტანგ ლაშქარაძემ, ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან კი სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გოსმან ამრინმა მოაწერეს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.