მესტიიდან 6 კილომეტრში ბანაკი „ჰეშკილის ქოხები“ ივლისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
ფილფანების საოჯახო ბიზნესის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მალალო გელოვანი ესაუბრა, რომლის თქმითაც, ბანაკი მისი მეუღლის დავით ფილფანის ოჯახის საკუთრებაა.
რატომ „ჰეშკილის ქოხები“
„ბანაკი უშბას მწვერვალისა და ლაილას ქედის ცენტრში მდებარეობს. სახელი თვითონ ტერიტორიასთან არის დაკავშირებული. ჰეშკილი ჩვენი წინაპრების მიწა და სოფელი იყო, სადაც ადრე ლენჯერის თემი, ფილფანების საგვარეულო ცხოვრობდა. 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობიც, რომელზეც ბანაკია განთავსებული, მემკვირეობით მივიღეთ“, - ამბობს მალალო გელოვანი.
ბიზნესის დაწყების ისტორია და სირთულეები
„ბანაკის გაკეთება გასულ წელს დავიწყეთ. ვფიქრობთ, რომ სტუმრების მიღებას ივლისიდან შევძლებთ. თუმცა, პირველი ღონისძიება ამ ბანაკის ტერიტორიაზე წინა წელს უკვე გაიმართა - ჩემი და ჩემი მეუღლის ქორწილი. მანამდე ოჯახის წევრებიც კი ყოყმანობდნენ, ღირდა თუ არა ასეთ უკაცრიელ ადგილზე ტურისტული დანიშნულების ობიექტის მოწყობა, თუმცა ადგილის ნახვის შემდეგ ყველანაირი ეჭვი ქრება. რა თქმა უნდა, ასეთ ადგილას ბანაკის მოწყობას გარკვეული სირთულეებიც ახლდა, რადგან არც დენი გვქონდა, არც წყალი და შეიძლება ითქვას, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ“.
საწყისი კაპიტალი
„საწყისი კაპიტალის დასახელება გამიჭირდება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა პროექტმა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 10 ათას ლარიანი გრანტი მოიპოვა და სწორედ ამის დახმარებით მოვახერხეთ ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიც იყო წყალგაყვანილობა და ტექნიკით აღჭურვა“.
რას სთავაზობს „ჰეშკილის ქოხები“ სტუმრებს
„ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მხოლოდ 4 კოტეჯია, სადაც 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯები ხისგან ან ფიქალისგან არის გაკეთებული. ვცდილობთ ყველაფერი ბუნებრივი შევქმნათ. ბანაკის გახსნამდე ვერანდის გაკეთებასაც ვაპირებთ, საიდანაც უშბისა და ლაილას ქედის დანახვა იქნება შესაძლებელი. პროდუქტებიც ეკოლოგიურად სუფთა, საკუთარი სათბურიდან გვექნება და ამასთან, რძის ნაწარმიც ჩვენი წარმოების იქნება“, - ამბობს მალალო გელოვანი.