აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 90 დღის ვადაში უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი რუსეთის ზეგავლენის აღსაკვეთად,
შექმნილი ფონდის ადმინისტრირებისთვის და წინ აღუდგეს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს. აღნიშნული კანონპროექტით აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპაში, მათ შორის საქართველოში, განხორციელებულ/მიმდინარე ქმედებებს და ასახავს მათ აღსაკვეთად აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ ზომებს.
კანონპროექტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს და მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ.
კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, ასევე, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული/მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს.
შემდგომ ეტაპზე კანონპროექტს კენჭს უყრიან აშშ-ის სენატის პლენარულ სხდომაზე.