გაზის ტარიფის მატების არავითარი საფუძველი არ არსებობს.
ამის შესახებ ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე” გაზის ტარიფის შესაძლო ცვლილების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ენერგეტიკოსმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ გაზის საწყისი ღირებულება ცნობილი არ არის.
”ჩვენ არ ვიცით, რა თანხა ჯდება გაზი საზღვარზე, რამდენად ვყიდულობთ, რას ვაძვირვებთ, აქ არის მთავარი თემა, რატომ ვაძვირებთ და რისთვის ვაძვირებთ? ჩვენ რომ ვიცოდეთ, რა თანხა ჯდება საზღვარზე გაზი, მაშინ რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ტარიფის ზრდა ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. სამთავრობო წრეები გვეუბნებიან, კი ლარი გაუფასურდა, მაგრამ ვისაც არ უნდა მიმართოთ, ვერავინ ვერ გეტყვით, რა ჯდება გაზი საზღვარზე. ამ დროს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და ნახოს რა ჯდება გაზი სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ეს არ არის დამალული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია დამალული არის მარტო ჩვენთან", - აღნიშნავს თემურ ჭიჭინაძე.
მისი თქმით, როდესაც გაზის ტრანსპორტირების კომპანია საზღვარზე მოიტანს გაზს და გაზი გამანაწილებელ კომპანიაში უნდა განაწილდეს, ამის შემდეგ ჩვენი მხრიდან ხდება სამი საშუამავალო კომპანიის ჩართვა, რომლებიც არავითარ ფუნქციას არ ასრულებენ და მხოლოდ გაზის ფასნამატი ხდება.
"ჩვენ ახლა არ ვიცით რა ღირს გაზი, მაგრამ ვიცით, გაზგასამართ სადგურში რამდენად ყიდულობენ, ეს არის 270 დოლარი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან არ ვიცით გაზის საწყისი ღირებულება და გაუგებარია, რას ვაძვირებთ”, - განაცხადა ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე.”