უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი კორუფციის რისკებს წარმოშობს.
აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, კანონპროექტიდან და განმარტებითი ბარათიდან არ ჩანს ლეგიტიმური მიზანი, რასაც უნდა ემსახურებოდეს უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის აკრძალვა.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელოვნური ბარიერები და კანონის ბუნდოვანი რეგულაციები კანონის ეფექტურ აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს და წარმოშობს კორუფციის რისკებს. აღნიშნული კი უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საინვესტიციო გარემოზე.
კანონპროექტთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” რამდენიმე რეკომენდაციაც გამოაქვეყნა.
„კანონის მიღებამდე მნიშვნელოვანია კანონის პროექტზე მომზადდეს რეგულაციების გავლენის შეფასება და დადგინდეს თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კანონის ამოქმედებამ ქვეყნის ეკონომიკურ და ბიზნეს გარემოზე;
უცხოელის მიერ მიწის შეძენის შემთხვევაში კანონპროექტით გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის საინვესტიციო გეგმის წარდგენა, რომელიც ასახავს მათ შორის განმცხადებლის განზრახვას შესაბამის მიწის ნაკვეთზე ინოვაციური სამეცნიერო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ბუნდოვანია მითითება „ინოვაციური სამეცნიერო ტექნოლოგიები” , ასევე მისი შეფასების კრიტერიუმები და სუბიექტები. საჭიროა მკაფიო რეგულაციების დადგენა თუ ვის მიერ და რა კრიტერიუმით მოწმდება წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
კანონპროექტით უცხოელისთვის მიწის შესაძენად დადგენილია რთული ბიუროკრატიული ბარიერები, რომელიც შესაძლოა კორუფციის რისკის შემცველი იყოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემოწმებასთან ერთად პირს ევალება წარმოადგინოს რეკომენდაცია საკრებულოდან, რომლის კრიტერიუმებიც ასევე არ არის განსაზღვრული კანონპროექტით.
კანონპროექტის თანახმად უცხოელს უნდა ქონდეს საქართველოში აგრარულ სფეროში მიღებული 5 წლიანი გამოცდილება, რაც არაგონივრული ბარიერია და მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს საქართველოში სერიოზული ინვესტორის შემოსვლას.
შეფასებას საჭიროებს აღნიშნული ცვლილებების ზეგავლენა საბანკო სექტორისა და კერძო პირთა ურთიერთობების ჭრილში, მაგალითად, მიწის 1 წლის განმავლობაში გასხვისების ვალდებულების შემთხვევაში, შესაძლოა გართულდეს ბანკების მიერ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ასეთი ქონების გამოყენება, რამაც შესაძლოა პრობლემები წარმოშვას მიწის მფლობელებისათვის და შესაბამისად უარყოფითად აისახოს მიწაზე, როგორც სამოქალაქო ბრუნვის ობიექტზე და მის ღირებულებაზე.
ბუნდოვანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გასაყიდად განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ფასის განსაზღვრის პროცედურა და წესი. ფასი უნდა დგინდებოდეს არა სამინისტროს მიერ, არამედ საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მიზანშეწონილია უცხოელებზე დაწესებული აკრძალვები არ გავრცელდეს პირზე, თუ ის ან მისი მშობლები იყვნენ დაბადებით საქართველოს მოქალაქეები,“- ნათქვამია განცხადებაში.
მაისში პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვებსა და პირობებს აწესებს.
პროექტის მიხედვით, უცხოელი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს, თუ მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობით, ან აღნიშნული მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების, ან საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი, ან გააჩნია მუდმივი ცხოვრების და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.