ქართულ მიწას ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და ვერსად წაიღებს,- ასე აფასებს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი ტუღუში მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
"ხელისუფლებისგან მიწების საკითხი ერთ-ერთი პოპულისტური ნაბიჯია, რადგან ქართულ მიწას ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და ვერსად წაიღებს. მიწა ზურგზე ვერ მოიკიდა და ვერ წაიღო ჩვენმა ოკუპანტმა, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე დგას და მასაც რაღაც მომენტში მოუწევს დატოვოს ის, რომელიც ჩვენ დაგვრჩება. საუბარი იმაზე, რომ უცხოელი თუ მიწას იყიდის, შემდეგ სადმე წაიღებს, აბსურდულია",- განაცხადა ტუღუშმა.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის შესახებ კონსულტაციები მმართველ გუნდში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობა იღებდა.