ვერტიკალური პარკირების მექანიზმი დაახლოებით 3 000-დან 5 000 დოლარამდე ეღირება.
ამის შესახებ პროექტის ავტორმა მალხაზ ცისკარიშვილმა ”რადიო პალიტრის” გადაცემაში ”საქმე” განაცხადა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც შეკვეთები გაიზრდება, ფასი კიდევ უფრო გაიაფდება და ბევრად იაფი ეღირება, ვიდრე უცხოური ანალოგები და პარკინგის ადგილები ღირს თბილისში.
”ჩვენი პარკინგის სისტემა ეღირება ბევრად უფრო იაფი, ვიდრე პარკირების ადგილები თანამედროვე ბინებში. მაქვს ინფორმაცია, რომ თანამედროვე ბინებში, პარკირების ადგილების გარეშე, ქალაქის მერია სამშენებლო კომპანიებს მშენებლობის უფლებას არ აძლევს. მხოლოდ ერთი მანქანის პარკირების ადგილი 7 000 ათასიდან 12 000 დოლარამდე ღირს, გააჩნია რომელ უბანში შენდება ეს ბინა. წარმოიდგინეთ. 7 ათასი დოლარი ღირს ერთი მოხაზული ადგილი, 16-18 კვადრატულ მეტრამდე, თან მანქანის 4-ვე კარის გახსნა და ჩასხდომა ერთდროულად შეუძლებელია, ისეთი სივიწროვეა. ჩვენი პარკირების მექანიზმი ეღირება დაახლოებით 3 000-5 000 დოლარამდე. მას შემდეგ რაც შეკვეთები გაიზრდება, კონსტრუქცია კიდევ უფრო გაიაფდება”, - განაცხადა პროექტის ავტორმა მალხაზ ცისკარიშვილმა ”რადიო პალიტრის” გადაცემაში ”საქმე.”