განახლებული აღმაშენებელის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი „ევროპა ნოსტრას“ 2017 წლის კონკურსში გამარჯვებულად დასახელდა

განახლებული აღმაშენებელის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი „ევროპა ნოსტრას“ 2017 წლის კონკურსში გამარჯვებულად დასახელდა.

როგორც „თბილისის განვითარების ფონდიდან“ იუწყებიან, თბილისის მერიის და „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტი „ახალი ტფილისი“, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციით, „ევროპა ნოსტრას“ 2017 წლის კონკურსში, კონსერვაციის ნომინაციაში გამარჯვებულ პროექტად დასახელდა.

ფონდის ინფორმაციით, 2016 წელს დავით აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულმა რეაბილიტაციამ, კულტურული მემკვიდრეობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ჟიურის განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა.

„ევროპა ნოსტრა“ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსია, სადაც ჯილდო კულტურული მემკვიდრეობის დარგში საუკეთესო მიღწევებისთვის ენიჭება სხვადასხვა მიმართულებით: კონსერვაცია, კვლევა, განათლება, ტრენინგი და ცნობიერების ამაღლება. ევროპის წამყვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრას“, სახელგანთქმული საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო ხელმძღვანელობს. მასში გაწევრიანებულია 250 ორგანიზაცია (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციები და ფონდები), 150 ასოცირებული ორგანიზაცია (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობა და კორპორაციები), აგრეთვე 1500-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი“, - აცხადებენ ფონდში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი „ახალი ტფილისი“ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციით, „ევროპა ნოსტრას“ ოფიციალურ ვებ გვერდზე სხვადასხვა ქვეყნების გამარჯვებულ საუკეთესო პროექტებს შორისაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინსვლა და საერთაშორისო აღიარებაა.