სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვაში არანაირი გამონაკლისი არ იქნება

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვაში არანაირი გამონაკლისი არ იქნება.

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიწის ფლობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი.

”არანაირი გამონაკლისი არ იქნება. ეს არ ითვალისწინებს მთავრობის დისკრეციას. ჩვენ ვიძახით, რომ მიწის ფლობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი”, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

”პოლიტიკურ გუნდში არსებობს სრული კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ეხმიანება მოსახლეობის განწყობასაც და ეს სწორიც არის. მიწა არის განსაკუთრებით შეზღუდული რესურსი. ამ მიწის რესურსს მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა უფრთხილდებოდეს ყველა პასუხისმგებლიანი ქვეყანა და ხელისუფლება. ამიტომ საჭიროა სწორი და მნიშვნელოვანი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური ჩანაწერი ამ საფუძველს ქმნის. კონკრეტული იურიდიული საკითხები კანონში დაზუსტდება, თუმცა პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მასზე საკუთრების უფლება და სასოფლო-სამეურნეო მიწა არ უნდა გასხვისდეს უცხოელებზე. ეს არის პრინციპული საკითხი, რომელიც უნდა აისახოს კონსტიტუციაში”, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული აკრძალვა სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკას ხელს არ შეუშლის.

”ჩვენი სამინისტრო ყველაზე მეტად არის დაინტერესებული სოფლის მეურნეობის განვითარებით. სოფლის მეურნეობის დინამიკა პირდაპირ კავშირშია მიწასთან. თუმცა ბოლო წლების დაკვირვებაც აჩვენებს, რომ საქართველოში თავისუფლად მიწის გაყიდვის შემთხვევაშიც არანაირი დიდი ინვესტიციები არ ყოფილა. მიწის გასხვისება ხდებოდა, მაგრამ ეს არ აძლევდა დიდ ბიძგს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ხდებოდა ექსტენციური სამეურნეო საქმიანობები, ჩვენ ვერ ვიზიდავდით მაღალ ტექნოლოგიებს და ა.შ. საერთოდაც, მე არაერთხელ მითქვამს, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არის კონსერვატორული საქმიანობა, ფერმერის საქმიანობა. შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აქტუალობა სოფლის მეურნეობაში აქტუალური არ იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს უარყოფითად, პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ამ რესურსს მეტად გაუფრთხილდება მფლობელი და სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკას ეს ხელს ნამდვილად არ შეუშლის”, - აღნიშნა დავითაშვილმა.