ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა - 6 მილიარდიანი ფონდის 5 პროექტი (ფოტო)

გარდაბნის სასათბურე მეურნეობა პირველ ეტაპზე იმპორტირებული პომიდვრის 30 პროცენტს ადგილობრივი პროდუქტით ჩაანაცვლებს. ”პანორამა თბილისის” პროექტის ფარგლებში კი, თბილისში 30 ათასი ხე დაირგვება და ქალაქს ჯამში 1800 მიწისქვეშა სადგომი შეემატება.

6 მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდის პროექტები, რომელთა გახმაურებას საზოგადოება 6 თვის განმავლობაში ელოდა, უკვე ცნობილია.

სასტუმროების გრანდიოზული კომპლექსი, რძის გადამამუშავებელი საწარმო და სასათბურე მეურნეობა, მტკვარიჰესი და ცხენისწყლის ჰესების კასკადი - სწორედ ეს პროექტები წარუდგინა დღეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მედიის, ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს.

პროექტების ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ყველა მათგანი თავად თანაინვესტირების ფონდის მიერაა ინიცირებული. თუმცა ფონდს ზოგიერთ პროექტში პარტნიორი უკვე მოძიებული ჰყავს, ზოგისათვის კი - ეძებს. ფონდის თანამონაწილეობა პროექტებში 40-60 პროცენტამდეა.

ტურიზმი - ”პანორამა თბილისი”

ოთხი სასტუმროსგან შემდგარი კომპლექსის მშენებლობა ძველ თბილისში უახლოეს პერიოდში დაიწყება. ”პანორამა თბილისის” შემადგენელი სასტუმროები იქნება - „თავისუფლების მოედანი”, „ერეკლე II-ს მოედანი“, „სოლოლაკის მაღლობი“ და „სოლოლაკის ბაღები“. კომპლექსის სოლოლაკის ნაწილის პროექტის საბუთებს მერიას დასამტკიცებლად მიმდინარე კვირაში წარუდგენენ და მათი დამტკიცებისთანავე ფონდი მზადყოფნას გამოქვამს, მშენებლობა სოლოლაკის ნაწილში უკვე დაიწყოს.

კომპლექსის 5+ ვარსკვლავიანი სასტუმრო თავისუფლების მოედანზე განთავსდება, 4+ ვარსკვლავიანი - ძველ თბილისში, ხოლო სოლოლაკში იქნება ოთხვარსკვლავიანი სასტუმროები.

გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ სასტუმროების მშენებლობა ბაზრის შესწავლის საფუძველზე გადაწყდა.

”არის სტატისტიკა ტურიზმის დეპარტამენტიდან, თუ როგორ იზრდება ტურისტების რაოდენობა და არის სასტუმროების დატვირთულობის საერთო მონაცემებიც. ჩვენ ასევე ვატარებთ ჩვენს შიდა კვლევებსაც. ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად, საქართველოს, და კერძოდ თბილისს სჭირდება დამატებითი სასტუმროები,” - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

”პანორამა თბილისის” შემთხვევაში, ფონდს პარტნიორი ჯერ მოძიებული არ ჰყავს და ამ ეტაპზე მისი მონაწილეობა პროექტში 100%-იანია, თუმცა ბაჩიაშვილის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ბრენდებთან, მათ შორის ”ჰილტონთანაც”.

”რამდენიმე ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. აქ იქნება ოთხი სასტუმრო, ამიტომ შესაძლოა, 4 სხვადასხვა ბრენდი იყოს, ან შესაძლოა, ერთი ბრენდი იყოს სხვადასხვა ქვე-ბრენდებით, ” - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისი თქმით, სოლოლაკის პროექტისთვის საჭირო მიწები უკვე ფონდის მფლობელობაშია, მათ შორის ის მიწებიც, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობდა, თუმცა, როგორც ფონდის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, მიწების ჩუქება ან უსასყიდლოდ გადაცემა არ მომხდარა - ფონდმა მიწები შეისყიდა.

”შესყიდული მიწებიდან ნაწილი იყო ბატონი ბიძინას საკუთრება, ნაწილი კერძო მფლობელებისგან შევისყიდეთ,” - დასძინა ბაჩიაშვილმა.

მისი თქმით, კომპლექსი ”პანორამა თბილისი” გამორჩეული და უნიკალურია არა მხოლოდ იმით, რომ მისი ოთხივე ნაწილი ერთმანეთს საბაგირო გზით დაუკავშირდება და სტუმარს ნებისმიერ დროს შეეძლება ერთი ნაწილიდან მეორეში გადაინაცვლოს, არამედ იმითაც, რომ დაირგვება 30 ათასი ახალი ხე.

”ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ რაოდენობის ხე დაირგვება თბილისში და გარდა ამისა, ქალაქს დაემატება ჯამში 1800 მიწისქვეშა სადგომი,” - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ფონდი საქართველოში მხოლოდ არქიტექტურულ ფირმებთან თანამშრომლობს, თუმცა არ არის გამორიცხული სამომავლოდ ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებთანაც ითანამშრომლონ.

”დაკვეთა არქიტექტორებზე არის ის, რომ გათვალისწინებულ იქნას თბილისის ისტორიული ღირებულებები. ასევე, მას შემდეგ, რაც ამ პროექტებს მერიის შესაბამისი სამსახურები განიხილავენ, შესაძლოა, გარკვეული კორექტირებები შევიდეს,” - დასძინა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ bpn-თან საუბარში განაცხადა, რომ იმ ზომის ინვესტიცია, რასაც თანაინვესტირების ფონდი აპირებს ქართულ ბიზნესში ჩადოს, წლების მანძილზე არათუ ერთ კომპანიას, ბევრ საინვესტიციო კომპანიასაც კი არ განუხორციელებია ერთად. ბიზნესმენმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინვესტიცია დივერსიფიცირებულია და ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

”ასეთი გრანდიოზული მშენებლობები გამოიწვევს ქალაქის მოწყობისა და სასტუმროების სისტემისადმი სრულიად ახლებურ ხედვას,” - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, ფონდის მენეჯმენტი გეგმავს სამვარსკვლავიანი სასტუმროების პროექტების განხორციელებასაც, რომლებიც ამ დროისათვის მოსამზადებელ ეტაპზეა და უახლოეს მომავალში წარედგინება საზოგადოებას.

ენერგეტიკა - ჰესების კასკადი მდინარე ცხენისწყალზე და მტკვარიჰესი

”მტკვარი ჰესის პროექტში სავარაუდო პარნტიორი უკვე გვყავს - ჩვენი და მათი წილი თანაბარი იქნება 50%-50%,” -განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მტკვარიჰესის დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ/სთ იქნება და მისი დასრულება 2.5 წელიწადში იგეგმება. ჰესის მშენებლობა მომავალ თვეში დაიწყება.

რაც შეეხება ჰესების კასკადის პროექტს მდინარე ცხენისწყალზე, მისი მშენებლობა წელიწადნახევრის შემდეგ იგეგმება, რადგან ამ ეტაპზე ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.

ჰესების კასკადის პროექტში პარტნიორობასთან დაკავშირებით თანაინვესტირების ფონდი მოლაპარაკებებს ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან აწარმოებს და ბაჩიაშვილის თქმით, ამერიკელი პარტნიორი პროექტში 60 პროცენტიანი წილით შემოვა. შესაბამისად, თანაინვესტირების წილი პროექტში 40 პროცენტი იქნება.

მდ. ცხენისწყლის ჰესების კასკადის დადგმული სიმძლავრე ჯამში დაახლოებით 250 მგვტ/სთ იქნება.

სოფლის მეურნეობა - რძის გადამამუშავებელი საწარმო და პომიდვრის სასათბურე მეურნეობა

სოფლის მეურნეობის ორივე პროექტში თანაინვესტირების ფონდს პარტნიორი უკვე მოძიებული ჰყავს. ორი სხვადასხვა კომპანიის თანამონაწილეობა თითოეულ პროექტში 40% იქნება.

”ფერმასთან დაკავშირებით ამჟამად ჰოლანდიელებთან ვსაუბრობთ. გვქონდა მოლაპარაკებები უკრაინულ კომპანიასთან, თუმცა სამწუხაროდ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ამ კომპანიას შიდა პრობლემები შეექმნა და ამჯერად ვერ აგრძელებს თანამშრომლობას, თორემ უფრო ადრეც დავიწყებდით ამ პროექტის განხორციელებას,” - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

პროექტი, რომელიც ფერმასა და რძის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს, 45 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. საველე მეურნეობა სამტრედიასა და აბაშაში განთავსდება და ორივე მათგანი ჯამში 400 ადამიანს დაასაქმებს. როგორც ბაჩიაშვილმა განაცხადა, მიწების შერჩევა უკვე დამთავრებულია და ფერმის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება.

რაც შეეხება პომიდვრის სასათბურე მეურნეობას გარდაბანში, თანაინვესტირების ფონდი პირველ ეტაპზე მას 10 ჰექტარზე გააშენებს. ფონდში ვარუდობენ, რომ 2015 წლისთვის 4500 ტონამდე პომიდვრის მოყვანა მოხერხდება, რაც პირველ ეტაპზე იმპორტს 30%-ით ჩაანაცვლებს. მას შემდეგ კი, რაც მეურნეობა მეორე ეტაპზე გადავა და უფრო გაფართოვდება, ფონდში არ იმედოვნებენ, რომ ქართული პომიდორი იმპორტირებულს სრულად ჩაანაცვლებს.

მამუკა ხაზარაძემ დადებითად შეაფასა სათბურების სისტემის პროექტიც და ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობას.

”საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც თავისი მოყვანილი პროდუქტით უნდა არსებობდეს და გაჰქონდეს კიდეც ექსპორტზე. არ შეიძლება ჩვენ თურქული პომიდვრით ვიკვებებოდეთ, არა იმის გამო, რომ თურქეთის საწინააღმდეგო გვაქვს რამე, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს იმის უნარი, ჩვენი პროდუქცია ვაწარმოოთ. სწორედ ასეთი ინვესტიციები წაახალისებს იმას, რომ ქართველებმა ჩვენ ადგილზევე ვაწარმოოთ ჩვენი საკვები და უფრო მეტიც, გავიტანოთ ქვეყნის გარეთ,” - განაცხადა ”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

თანაინვესტირების ფონდი სასათბურე მეურნეობის პროექტში ითანამშრომლებს უცხოურ კომპანიასთან, რომელსაც 50 წლიანი გამოცდილება აქვს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 14.3 მილიონი აშშ დოლარია.

ფონდის სამომავლო გეგმები

როგორც გიორგი ბაჩიაშვილმა განმარტა, ყველა ინვესტორს ფონდში თავისი წილობრივი მონაწილეობის შესაბამისად შეუძლია ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებში შევიდეს.

”მათ თუ უარი თქვეს, შესაბამისად ისინი ვერ შემოვლენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი პროექტების დებულებით ამის ვალდებულება გაგვაჩნია,” - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისი თქმით, ფონდი გეგმავს პროექტებიდან ეტაპობრივად გამოვიდეს და ამგვარად გამოათავისუფლოს მათში განხორციელებული ინვესტიცია, რათა სხვა პროექტებში დააბანდოს. ამისთვის კი, უნდა მოიძებნოს შესაბამისი კომპანიები, რომლებიც ფონდს პროექტებში წილობრივად ჩაანაცვლებენ.

ბაჩიაშვილი ვარაუდობს, რომ ისინი "დიდი სტრატეგიული ინვესტორები იქნებიან". თუმცა, თანაინვესტირების გენერალურმა დირექტორმა არც წილების საფონდო ბირჟების ლისტინგში განთავსება გამორიცხა.

”თუ საქართველოში ამ დროისთვის სათანადოდ იქნება განვითარებული საფონდო ბირჟა, შედარებით მცირე ზომის, 100 მილიონამდე ღირებულების პროექტები შესაძლოა, აქ გაილისტოს, რათა ქართული საინვესტიციო კაპიტალში ინვესტირება მოხდეს. რაც შეეხება უფრო მსხვილ პროექტებს, განსაკუთრებით კი ენერგეტიკულ პროექტებს, ისინი შეიძლება ლონდონის ბირჟაზეც მოხვდნენ. ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პროექტები გაეშვება და მომგებიანობას აჩვენებს - დაახლოებით ორ წლამდე ვადაში,” - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ფონდი გეგმავს, რომ ყველა პროექტის მშენებლობა, გარდა ჰესების კასკადისა მდინარე ცხენისწყალზე, შემოდგომამდე დაიწყოს. სამშენებლო პროექტები 3-4 წელში დასრულდება, ხოლო ენერგეტიკული - 2-2,5 წელიწადში, ყველა დანარჩენი კი - ერთი წლის ვადაში.

ამ დროისათვის ფონდში კვლავ 6 მილიარდი აშშ დოლარია მობილიზებული - ფონდის კაპიტალს ჯერჯერობით ახალი ინვესტორის თანხა არ შეჰმატებია. ამ ეტაპზე, თანაინვესტირების ფონდის ინვესტორები არიან: დაბი ჯგუფი (Dhabi Group), რაკია (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია - ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited), ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი და სხვები.

ფონდის მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ უკვე არსებული ფულის მომგებიანად დაბანდებით, ეტაპობრივად სხვა ინვესტორებსაც მოიზიდავენ.

Read this story in English: ‘Panorama Tbilisi’ – 4 high-class hotels project in central parts of Tbilisi