მთავრობის წევრებმა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი განიხილეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობის და მცენარეთა სიჯანსაღის დაცვის, ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების სრულყოფა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პრიორიტეტულია სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა. ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის მექანიზმების დახვეწასა და განხორციელებას, რაც დარგის განვითარებისთვის და ზოგადად, აგრობიზნესის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.
კანონპროექტის მიხედვით, დაკორექტირდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები; განისაზღვრა პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის; ჩამოყალიბდა პრინციპი, რომლის მიხედვით, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უფრო მაღალი ოდენობის ჯარიმა; გამკაცრდება სანქციები ბიზნესოპერატორის მიერ განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობისთვის; განისაზღვრა პასუხისმგებლობა ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დარღვევისთვის; შემოდის ელექტრონულ საჯარიმო ქვითარი; კოდექსში დაიხვეწა არსებული და დაემატა ახალი ტერმინები;
ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის მიხედვით მკაცრდება სანქციები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესის დარღვევისათვის.
მთავრობის სხდომაზე განხილული და მოწონებული კანონპროექტები განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.