სააპელაციო სასამართლომ „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა“ და შპს ,,თ & რ დისტრიბუშენის“ მიმართ დაკისრებული 100 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა გააუქმა.
როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლო იუწყება, მეორე ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
”პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უცხოურ კომპანიებს დაკისრებული ჰქონდათ ზიანის ანაზღაურება 100.537.172 აშშ დოლარის ოდენობით შპს „ოჯთ“-ს სასარგებლოდ. ამავე გადაწყვეტილებით, მათ ასევე აეკრძალათ, არ მოეხდინათ პროდუქციის რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც უცხოური საწარმოები გათავისუფლდნენ ას მილიონზე მეტი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე მოეხსნათ აკრძალვა პროდუქციის რეალიზაციის ფასის განსაზღვრის შეზღუდვის თაობაზე”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
29 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა.