Heritage Foundation-ის ვიცე პრეზიდენტმა კიმ ჰოლმსმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, კიმ ჰოლმსმა ქართველებსა და ამერიკელებს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს მიღწევები მოკლედ განიხილა.
მისი განცხადებით, 1991 წელს აშშ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელს კი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა საქართველოსთან. „როგორც აღმოჩნდა, ეს იყო იმ დიდი მეგობრობის დასაწყისი, რომლის 25 წლის იუბილეს დღეს აღვნიშნავთ“, - დასძინა ჰოლმსმა.
”ჰოლმსმა შეაქო საქართველო, რომელიც ბევრი გამოწვევის ფონზე რეგიონში ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურად ჩამოყალიბდა”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ჰოლმსის მოსაზრებით, საქართველო დიდ აღიარებას საჭიროებს ეკონომიკის ლიბერალიზების, კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების გამო.
მისი თქმით, საქართველოს მსგავსი პროგრესი, რომელიც 1999 წელს 123-ე ადგილს იკავებდა ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, არცერთ ქვეყანას არ ჰქონია.
„ამჟამად საქართველო მე-13 ადგილს იკავებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსგავსი წარმატებისთვის სხვა არცერთ ქვეყანას მიუღწევია“, - განაცხადა ჰოლმსმა.
მანვე იმ საფრთხის შემცველ გარემოზეც ისაუბრა, რომელშიც საქართველოს უწევს განვითარება.
„საქართველომ დაამტკიცა, რომ არის აშშ-ის ერთგული პარტნიორი, ბევრმა არ იცის, რომ ერაყში 2008 წელს, ქართული შენაერთი ჯარისკაცთა რაოდენობით მეორე იყო ამერიკის შემდეგ, ახლა კი ავღანეთში საქართველოს 870 მებრძოლი ჯარისკაცი წარმოადგენს, მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ქართველი ხალხის მადლიერი ვიქნები ასეთი მსხვერპლის გაღებისთვის“, - განაცხადა ჰოლმსმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ვაშინგტონში Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.