„რეზონანსი" - ხალხი ვალების პირამიდას "აშენებს"

საქართველოში სწრაფ სესხებზე მოთხოვნის გაზრდა მოსახლეობაში არსებულ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.

მსესხებელთა დიდი ნაწილი სახარჯო დეფიციტის გადაფარვას ცდილობს, ზოგიერთი კი უმიზნოდ იღებს ვალს. როგორ გაზეთი „რეზონანსი" წერს, საბანკო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ სწრაფ სესხებზე მოთხოვნა ქვეყანაში გაჩენილმა ფინანსურმა კრიზისმა განაპირობა. მოსახლეობა ვალის დასაფარად რამდენიმე საკრედიტო ორგანიზაციას ერთდროულად აკითხავს.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ირაკლი ბერძენაძე აღნიშნავს, რომ ხალხის მიერ რამდენიმე სესხის ერთდროულად აღება პირამიდის სახეს იღებს, რაც დამატებით პრობლემებზე მიუთითებს. ადამიანები თვიდან თვემდე საკრედიტო კომპანიებში აღებული ვალით ცხოვრობენ.

"სწრაფ სესხზე მოთხოვნა იზრდება არა იმიტომ, რომ საპროცენტო განაკვეთია ვინმესთვის მისაღები, არამედ იმიტომ, რომ მოსახლეობას სოციალური პრობლემა აქვს. როდესაც პიროვნება სესხს იღებს, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, 100 ლარს გადაიხდის თვის ბოლოს თუ - 130 ლარს. გადამწყვეტია იმ დროს არსებული ფინანსური პრობლემის სწრაფად მოგვარება.

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს საბანკო ვალდებულებით. ერთ საკრედიტო ორგანიზაციაში არსებულ ვალს მეორე კომპანიიდან აღებული სესხით ფარავენ და ასე დაუსრულებლად გრძელდება ეს პირამიდა.

მოდის ზაფხული და ქართველებს გვიყვარს სესხით დასვენება ან, ზოგადად, რამე დღესასწაულის აღნიშვნა და ა. შ. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ გაიზარდა მსესხებელთა რაოდენობა", - განუცხადა "რეზონანსს" ბერძენაძემ.

სწრაფი სესხების მომრავლება მოსახლეობის მხრიდან "მარტივი ფულის" მოთხოვნამ განაპირობა. "საზოგაოება და ბანკების" დამფუძებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, რომელიც მიკროსაფინანსოებსა და ონლაინ სესხებს დაუწესდათ, ისეთი ხალხიც იღებს სესხს, რომლებსაც ადრე არასდროს მიუმართავთ მსგავსი კომპანიებისთვის.

"სწრაფი სესხების აღება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ფინანსური პრობლემა აქვთ, როდესაც ბაზარზე სწრაფი სესხის კომპანიები შემოვიდნენ, ეს განაპირობა მოთხოვნამ მარტივად მისაღებ ფულზე, რომელშიც მომხმარებელი მზად იყო, თუნდაც მაღალი პროცენტი გადაეხადა.

ადამიანები, რომლებიც მიკროსაფინანსო კომპანიასა და კომერციულ ბანკში სესხს ვეღარ იღებენ, მიმართავენ ლომბარდებს ან კერძო მევახშეებს. სწრაფი სესხების დაწესებულებებმა მათ სერიოზული კონკურენცია გაუწიეს და მომხმარებელიც მრავლად ჰყავთ. ამ კომპანიების მთავარი მიზანია მოკლე დროში სწრაფი შემოსავალი მიიღონ და შემდეგ ბაზრიდან ქრებიან, რადგან მათი მოგება დღეს იმდენი აღარ არის, რამდენიც - ადრე.

ახლა მათი სესხი თვეში 5-6%-იანია. იგი მოსაღებია იმ პირთათვის, ვისაც ერთი თვით სჭირდება თანხა და არ უნდა მეგობრის შეწუხება ან რამეს დალომბარდება. საკმაოდ ლოგიკურია, მათგან ამ ვითარებაში თანხა ისესხონ ისეთმა ადამიანებმა, ვისაც ადრე არ მიუმართავთ მსგავსი ორგანიზაციებისთვის", - აღნიშნა კეპულაძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"