„30 წელიწადში საქართველოს წყლის სერიოზული დეფიციტი ექნება“

ამ დღეებში, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, 2 ჰესის მშენებლობა დაიწყო, მათი სახელწოდებაა - „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“.

ამ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია” ახორციელებს. ჰესების მშენებლობას ჩვენი საზოგადოების ნაწილი უარყოფითად აფასებს, თუმცა ენერგეტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ჰესების გარეშე ჩვენ არ გვექნება მზარდი ეკონომიკა და ქვეყანა სათანადოდ ვერ განვითარდება. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორ მირონ ფირცხელანის თქმით, საქართველოში ჰესების მშენებლობა გარდაუვალი და აუცილებელი პროცესია.

"ახლა უნდა ვიზრუნოთ, როგორ მივიღოთ უსაფრთხო ელექტროენერგია. ჩემი აზრით, მცირე და საშუალო ჰესების აგება ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე ოპტიმალური და საუკეთესო გზაა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ჰესის მშენებლობისას ეკოლოგიურ ნორმებსაც დაიცავენ და ყველაფერი მოსახლეობასთან იქნება შეჯერებული. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ენერგიის დეფიციტი აქვს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ჩვენი ჰიდრორესურსი ბოლომდე აითვისოს. პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ამ საქმეში ჩაერთონ. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ენერგეტიკა განვითარდეს და ამით საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალური მოგება მიიღონ", - აღნიშნავს მირონ ფირცხელანი.

მისი შეფასებით, ჩვენი მოსახლეობა ელექტროენერგიას შეღავათიან ფასში მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა ბაზარზე ჭარბი ელექტროენერგია გაჩნდება.

"დღეს ჩვენ ელექტროენერგიის დეფიციტი გვაქვს, ამას ხელს უწყობს ჩინოვნიკთა ინტერესები და ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის მონოპოლიური ბაზარი, რაც ჩვენი უპირველესი პრობლემაა. მხოლოდ 2 კომპანიას აქვს უფლება ელექტროენერგია გაყიდოს. ადამიანი ჩადებს ამ საქმეში ფულს, დიდი გაჭირვებით ააშენებს ელექტროსადგურს და როცა რეალიზაციას დაიწყებს, ხედავს, რომ გასაღების ბაზარი უკვე დაკავებულია. ეს ძალიან დიდი დაბრკოლებაა მეწარმეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მცირე და საშუალო ჰესები ააგონ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ბუნება ასეთ ჰესებს უფრო აიტანს. ყველაზე იაფი რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს, არის წყალი, არადა, ამ რესურსის გამოყენების კოეფიციენტი 10-15%-ს არ აღემატება. ეს კი, ძალიან ცუდი მაჩვენებელია", - აღნიშნავს მირონ ფირცხელანი.

რადიკალურად განსხვავებულად აფასებს ამ საკითხს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ლიდერი ნინო ჩხობაძე.

"არასწორია შეხედულება, რომ საქართველო ჰიდრორესურსით ძალიან მდიდარი ქვეყანაა. ბოლო კვლევების მიხედვით, დაახლოებით 30 წლის მერე, ჩვენ სერიოზული წყლის დეფიციტი გვექნება, რის გამოც ამ რესურსს ვერ დავეყრდნობით. მთელი მსოფლიო სულ სხვა ენერგიის წყაროებზეა გადასული, ყველგან ძალიან სწრაფად და იაფად შემოდის მზის ენერგია, ამიტომ, ჰესებზე კი არა, აბსოლუტურად სხვა კონცეფციაზე უნდა ვიმუშაოთ. რაც შეეხება მესტიის ჭალაში 2 ჰესის მშენებლობას, იქაური მოსახლეობა ამტკიცებს, რომ იმ ადგილებში ჰესის აშენებამ შეიძლება კატასტროფული მოვლენები გამოიწვიოს. ჩვენ ახლა ვაკვირდებით ამ პროცესს და დოკუმენტს, რომელზეც ნებართვა გაიცა, იქ რაღაც პირობები იყო წაყენებული და ეს პირობები აუცილებლად უნდა შესრულდეს. ეს არ არის დიდი ჰესები და თავის დროზე იმხელა ყურადღება არ მიგვიქცევია, რამდენსაც დიდ ჰესებს ვაქცევთ, მაგრამ თუ ამ ჰესებზე აუცილებელი პირობები არ არის შესრულებული, ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვით", - ამბობს ნინო ჩხობაძე.

„საქართველოს მომავლის პროექტის“ პრეზიდენტი ვახტანგ ლომჯარია კი, მესტიაში მიმდინარე პროექტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტი ჰესი სჭირდება.

"ჩვენ რაც შეიძლება მეტი ჰესი გვჭირდება, რადგან მსოფლიოში და საქართველოშიც, ყოველწიურად იზრდება მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ამის გარეშე წარმოუდგენელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს იმპორტის კიდევ უფრო გაზრდა, რაც ყველაზე დიდი საფრთხეა საქართველოს ეკონომიკისთვის. ახალ ჰესებს თუ არ დავამატებთ, მომავალში სერიოზული პრობლემა შეგვექმნება. მით უმეტეს, რომ თურქეთსა და რუსეთში უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში სერიოზულად გაიზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. ეს ჩვენთვის კარგი შანსია: უნდა შევძლოთ, რომ მათი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე გამოვიყენოთ და ჩვენი უარყოფითი სალდო როგორმე დავაბალანსოთ. უარყოფითი სავაჭრო სალდო ჩვენთვის ყველაზე დიდი მტერია - ამას ქართველი ექსპერტებიც აღიარებენ და უცხოელებიც", - ამბობს "საქართველოს მომავლის პროექტის" პრეზიდენტი.

ვახტანგ ლომჯარიას თქმით, არა მარტო მესტიაში, არამედ ყველგან, სადაც ახალი ჰესი აშენდება, პროექტის ავტორებმა და მშენებლებმა უნდა იზრუნონ, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიაყენონ.

"ჰიდრორესურსი ენერგიის განახლებადი წყაროა, ახალი ჰესის მშენებლობას მცირეოდენი რისკი ყოველთვის ახლავს, მაგრამ დადებითი შედეგი უფრო მეტია. რა თქმა უნდა, წყლის ენერგიის ალტერნატივაც არსებობს მზისა და ქარის ენერგიის სახით. მათ გამოყენებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მაგრამ საქართველოს ჰიდროენერგიის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. როდესაც ამ საკითხზე კამათობენ, მე სულ ვამბობ: ერთი წუთით წარმოიდგინეთ ქართული ენერგოსისიტემა ენგურჰესის გარეშე, მის გარეშე რამდენიმე ათეული წლით უკან ვიქნებოდით. ამიტომ, ჰესების მშენებლობის დადებითი და უარყოფითი ასპექტები კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ და ჩვენი ქვეყნის მომავალი ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ", - აღნიშნავს ვახტანგ ლომჯარია.

ხათუნა ჩიგოგიძე