სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ობიექტური და მიუკერძოებელი , - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ „ფილიპ მორის საქართველოსა“ და „ფილიპ მორის ეს.ეი“-სთვის 92 მილიონი ლარის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ „ფილიპ მორისში“ განუცხადეს.
„მიგვაჩნია, რომ სამართლიანობა აღდგა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ობიექტური და მიუკერძოებელი. ჩვენ უწინდებურად გავაგრძელებთ ოპერირებას საქართველოში, როგორც ეს მანამდე იყო“, - განაცხადეს „ფილიპ მორისში“.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება უცხოურ ბიზნესზე.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც შპს „ფილიპ მორის საქართველო“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“ სრულად გათავისუფლდნენ 92 მილიონამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
კომპანია „თბილისის თამბაქო“ დავობდა შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-სთვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული საწარმოები ახდენდნენ სხვადასხვა სახის სიგარეტების რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რითაც არღვევდნენ კანონს და ზიანს აყენებდნენ სს „თბილისის თამბაქოს“. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს სოლიდარულად დაკისრებული ჰქონდათ 92 მილიონამდე ლარის ზიანის ანაზღაურება სს „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ, რაც სრულად გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
დღესვე სააპელაციო სასამართლომ „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა“ და შპს ,,თ & რ დისტრიბუშენის“ მიმართ დაკისრებული 100 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა გააუქმა.
11 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ.