მეცხოველეობის განვითარებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი მიშელაძესთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად განიხილა.
როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში, რაციონალურად და სწორად მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი პროგრამის ფარგლებში, რაციონალურად და სწორად მოვახდინოთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. მუნიციპალიტეტების მხრიდან კომპეტენტური პირების ჩართულობა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ეს კარგი წამოწყება რეალური შედეგის მომტან საქმედ ვაქციოთ. ჩვენ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, სად რა შესაძლებლობები გვაქვს, გავითვალისწინოთ ყველა დეტალი და მაქსიმალურად მოკლე დროში შევუწყოთ ხელი ისეთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას, რომლებიც ახალ სახელმწიფო პროექტში ჩაერთვებიან“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ შეხვედრაზე ყურადღება პროგრამის პოტენციურ მონაწილეთა ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე და პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერის დეტალებზე გაამახვილა.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელმაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყოს ხელი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხები და სხვა საჭირო ინვენტარი.
პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს 24 მუნიციპალიტეტის - წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, გორის, ქარელის, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს - იმ დასახლებებს, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება. ერთ მუნიციპალიტეტში მოხდება მხოლოდ ერთი პროექტის განხორციელება.
პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ააშენებს რძის გადამამუშავებელ საწარმოს და სრულად აღჭურავს მას. პროგრამის სავარაუდო ღირებულება 6 000 000 ლარია.