„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დადებითი სიგნალი და იმის ნიშანი იქნება, რომ ადამიანს აქ მართლმსაჯულების იმედი შეიძლება ჰქონდეს“

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დადებითი სიგნალი და იმის ნიშანი იქნება, რომ ადამიანს აქ მართლმსაჯულების იმედი შეიძლება ჰქონდეს. ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ექსპერტმა პაატა შეშელიძემ „ინტპერპრესნიუსთან“ სააპელაციო სასამართლოს მიერ „ფილიპ მორისისა“ და“ ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს“ საქმეზე გამოტანილი განაჩენის კომენტარებისას განუცხადა.

„სასამართლოს წინა გადაწყვეტილება იყო აბსურდი. როგორ შეიძლება კომპანიას ბრალი დასდო, რაღაცას იაფად ყიდიო. ჩვენი ამოცანა ეს არის, რომ რაღაც იაფად ვიშოვოთ და როგორ შეიძლება დააჯარიმო კომპანია ამისთვის? თუ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ის გადაწყვეტილება, სწორია და ნამდვილად არ უნდა შესულიყო ის გადაწყვეტილება ძალაში. რა თქმა უნდა, ეს დადებითი სიგნალი და იმის ნიშანი იქნება, რომ ადამიანს აქ მართლმსაჯულების იმედი შეიძლება ჰქონდეს“, - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

ეკონომიკის ექსპერტის აკაკი ცომაიას შეფასებით კი, სააპელაციო სასამართლომ აღადგინა სამართლიანობა და კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, წინა გადაწყვეტილება ეჭვებს ნამდვილად ბადებდა, რადგან პირველი კანონი დემპინგის შესახებ საქართველოში არ გვაქვს და აქედან გამომდინარე ძალიან საეჭვო იყო ის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ გამოიტანა.

„ფილიპ მორისი მსოფლიო ბაზარზე ცნობილი კომპანიაა და საკმაოდ დიდი რეიტინგი გააჩნია, აქედან გამომდინარე მის წინააღმდეგ უსამართლო მოქმედება და უსამართლო განჩინება ან მისი გადევნება ბაზრიდან საქართველოს იმიჯსაც დააზარალებს და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო გარემოსაც, რადგან მომავალში ეს აუცილებლად აისახება ეკონომიკის ზრდაზე. საერთო დასკვნას თუ გამოვიტანთ, არ ვფიქრობ, რომ რაც მოხდა საბოლოო ჯამში ამან ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. მაგრამ უფრო უარესი იქნებოდა, რომ სააპელაციოს ალბათ ძალაში დაეტოვებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. გაცილებით ცუდი ვითარება იქნებოდა ამ თვალსაზრისით. კარგია, რომ სააპელაციო სასამართლომ ქვეყნისთვისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანო გადაწყვეტილება გარკვეულწილად, გარკვეული დოზით სცადა და გამოასწორა“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც შპს „ფილიპ მორის საქართველო“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“ სრულად გათავისუფლდნენ 92 მილიონამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.

კომპანია „თბილისის თამბაქო“ დავობდა შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-სთვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული საწარმოები ახდენდნენ სხვადასხვა სახის სიგარეტების რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რითაც არღვევდნენ კანონს და ზიანს აყენებდნენ სს „თბილისის თამბაქოს“. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს სოლიდარულად დაკისრებული ჰქონდათ 92 მილიონამდე ლარის ზიანის ანაზღაურება სს „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ, რაც სრულად გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

დღესვე სააპელაციო სასამართლომ „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა“ და შპს ,,თ & რ დისტრიბუშენის“ მიმართ დაკისრებული 100 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა გააუქმა.

29 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა.