პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უცხოური ინვესტიციით შექმნილი სხივური მედიცინის ცენტრის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან მინისტრმა უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა დაათვალიერა, რომელსაც ერთდროულად 150-მდე პაციენტის მომსახურება შეუძლია. ჰოსპიტალის საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონი ლარია. კლინიკაში 30 ადამიანი დასაქმდება. ცენტრში დანერგილი აპარატურა საშუალებას იძლევა, ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მაღალეფექტური მკურნალობა.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საზღვარგარეთის კლინიკებში აღნიშნული მომსახურებით საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. „დღეიდან შესაძლებელია, რომ ეს მომსახურება მათ გაეწიოთ ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ახლადგახსნილი კლინიკა საქართველოში ახალი სამუშაო ადგილებისა და დამატებული ღირებულების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
კლინიკის გახსნას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.