სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)„სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს“ (REAP) შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, მემორანდუმის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოყალიბებულ კოოპერატივებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მარკეტინგული მასალების მომზადება და ბრენდირება.
მათი განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის ინდივიდუალური, ან ჯგუფური ტრენინგების ჩატარებას ახალი ტექნოლოგიების, ფინანსური აღრიცხვისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
მემორანდუმს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და USAID/REAP პროგრამის დირექტორმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა მოაწერეს ხელი.
”მემორანდუმის მიზანია მხარეთა ერთობლივი ძალიხმევით მოხდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და მათი წარმოებული პროდუქციის ბრენდირება, აღნიშნული ხელს შეუწყობს კოოპერატივების პოტენციალის გაძლიერებას, მათი ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლებას.
დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს”, - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.