ხვალიდან ”საღამოს გაზეთი” გამოვა

ქართულ ბეჭდურ მედიაბაზარს ხვალიდან ახალი - "საღამოს გაზეთი" შეემატება. გაზეთი გაყიდვაში საღამოს 18:30 საათზე გამოვა და ის დღის მთავარ სიახლეებს გააშუქებს.

როგორც გამოცემის დამფუძნებელმა ალეკო ჩუბინიძემ განაცხადა, გაზეთი ძირითადად ისეთ მომხმარებლებზეა გათვლილი, რომლებსაც მათი სამუშაოს გამო დღის განმავლობაში მიმდინარე ახალ ამბებზე წვდომა არ აქვთ.

"გაზეთი საკმაოდ იაფი - 20 თეთრი ეღირება, ის სტამბა "კოლორში" იბეჭდება და სარეალიზაციო ქსელში 18:30 საათზე გავა. გამოცემა ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენას გააშუქებს, რომელიც დღის განმავლობაში მოხდება და ამ მოვლენისა და მისი შეფასების შესახებ, საზოგადოება სახლში მისვლამდე გაცილებით ადრე შეიტყობს. გაზეთის ძირითადი სარეალიზაციო ადგილები მეტროს სადგურების ჩასასვლელების მიმდებარე ტერიტორია იქნება. ვფიქრობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ მედიაბაზარზე აღნიშნული ნიშა თავისუფალია და აგრეთვე იქედან გამომდინარე, რომ გამოცემის ფასი საკმაოდ დაბალია, პროექტი წარმატებული იქნება", - აღნიშნა ჩუბინიძემ.