FIRST Global-ის საქართველოს გუნდმა რობოტიკის პროექტის პრეზენტაცია გამართა და ვაშინგტონის ოლიმპიადის გეგმები წარადგინა

FIRST Global-ის საქართველოს გუნდმა რობოტიკის პროექტის პრეზენტაცია გამართა და ვაშინგტონის ოლიმპიადის გეგმები წარადგინა. ღონისძიება გაიმართა ”გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში”.

FIRST Global-ის საქართველოს გუნდი დაკომპლექტებულია ამერიკული აკადემიის, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლისა და ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეებით.

მენტორ ილია მესტვერიშვილთან ერთად, გუნდმა მიწვეულ სტუმრებს რობოტიკის პროექტი წარუდგინა და რობოტის შესაძლებლობები აჩვენა.

”ჩვენს რობოტს უნდა შეეძლოს ბურთების ფერების მიხედვით გარჩევა, საკმაოდ სწრაფად სიარული და მანევრირება, გარკველ კუთხეზე ასვლა, დაკიდება, ასევე ბურთის სროლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თანამშრომლობას. დამატებით რაც მეტი ფუნქცია ექნება ჩვენს რობოტს, მით მეტი შანსი გვექნება თანამშრომლობით საბოლო ჯამში საუკეთესო შედეგი მივიღოთ. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ საბაზისო ფუნქციების გარდა, რობოტს კიდევ უფრო მეტი ფუნქცია ჰქონდეს. წელს არჩეულია მტკნარი წყლის პრობლემა. მოდის ლურჯი და წითელი ბურთები შეფარდებით ოთხი ერთთან. ჩვენ უნდა გადავანაწილოთ, ლურჯი ბურთები ჩავყაროთ ერთად, როგორც სუფთა წყლის სიმბოლო, ხოლო წითელი - როგორც დაბინძურებული ნაწილაკები უნდა შევყაროთ სხვაგან, გასაფილტრ ხელსაწყოში”, - განმარტა გუნდის მენტორმა ილია მესტვერიშვილმა.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, დედაქალაქის საკრებულოს წევრი შალვა ობგაიძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს” წარმომადგენლები.

”პატარების გამოგონება ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. მათ ასაკთან შედარებით ის მიღწევა, რომელიც აქვთ უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ აქვთ ძალიან დიდი მომავალი, დარწმუნებული ვარ, იქნებიან წარმატებულები, გამოადგებიან ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის საგამომგონებლო სახელს შორს გაიტანენ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მარიამ ჯაშის შეფასებით, STEM-ის მიმართულებები უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისთვის და საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება გარღვევა საინჟინრო - საბუნებისმეტყველო დარგებში.

”დიდი პოტენციალი გვაქვს, არაჩვეულებრივი მაგალითებია სხვადასხვა სკოლის, განსაკუთრებით სპეციალიზებული სკოლების მოსწავლეებს შორის. ფაქტი, რომ ზალდასტანიშვილის, ვეკუას და კომაროვის სკოლიდან მოსწავლეები გლობალურ შეჯიბრში მიდიან, არის დიდი შესაძლებლობა, რომ საქართველომ საკუთარი თავი დააფიქსიროს ასეთ შეჯიბრებებში მსოფლიო რუკაზე და ასევე, ბავშვებმა დაადასტურონ საკუთარი წარმატება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით”, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

წელს, 16-18 ივლისს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში FIRST Global-ის საინაუგურაციო საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება. ოლიმპიური სისტემით ორგანიზებულ ამ ღონისძიებაში 160-ზე მეტი ქვეყნის გუნდი მონაწილეობს, რომელთა შემადგენლობაში 15-დან 18 წლამდე ასაკის ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. გუნდების წარმატება რობოტის დიზაინსა და ერთმანეთთან ეფექტურ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

აღნიშნული საერთაშორისო შეჯიბრის მიზანია მსოფლიო მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM – Science, Technology, Engineering, Mathematic) მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება და ხელის შეწყობა ლიდერების ახალი თაობისთვის, რომლებიც მსოფლიოს წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მოგვარებას შეძლებენ, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება, წყლის რესურსების დაცვა, დაავადებათა კონტროლი თუ საინფორმაციო უსაფრთხოება.

2017 წლის საერთაშორისო შეჯიბრის თემატური გამოწვევაა - მსოფლიოს უზრუნველყოფა სუფთა წყლის მარაგით.