„გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მიიღო, ნამდვილად სწორია - სასამართლო ბიზნეს და პირად ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს“

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალი საინვესტიციო გარემოს შექმნა ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია , რაზეც პირდაპირ აისახება იმ ბინზესდავების სასამართლო განხილვის შედეგები, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არა მხოლოდ კონკრეტული ბიზნესსაქმიანობის მომავალს, არამედ ქვეყნის იმიჯს და მის საინვესტიციო მიმზიდველობას.

შესაბამისად, თებერვალში პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც "ფილიპ მორის საქართველოსა" და "ფილიპ მორის ეს.ეის" 92 მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა, გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარ ვერდიქტებს შესაძლოა უზარმაზარი ზიანი მიეყენებინა როგორც

ადგილობრივი ბიზნესისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის.

პირველი ინსტანციის სასამართლომ 100 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა დააკისრა "ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედსსა" და შპს ,,თ & რ დისტრიბუშენსს"

შეგახსენებთ, ამ დავებში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა კომპანია "თბილისის თამბაქო" და "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანია OGT. ჯარიმების დაკისრების საფუძვლად კი გამოცხადდა მოსარჩელის მტკიცება, რომ აღნიშნული ორი კომპანია სიგარეტის გარკვეულ ბრენდებს საქართველოს ბაზარზე წლების განმავლობაში თვითღირებულებაზე იაფ ფასად ყიდდა.

დაისვა შეკითხვა, მაშინ, როდესაც საქართველოში არ არსებობს ანტიდემპინგური კანონი, გაუგებარი იყო რის საფუძველზე მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება?

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და "ფილიპ მორის საქართველოსა" და "ფილიპ მორის ეს.ეი" 92 მილიონი ლარის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლა..

სააპელაციო სასამართლომ ასევე გააუქმა "ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედისა" და შპს ,,თ & რ დისტრიბუშენისთვის" დაკისრებული 100 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა. შეგახსენებთ, 29 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა.

როგორც „ფილიპ მორისში“ განაცხადეს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ობიექტური და მიუკერძოებელი. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მიაჩნიათ, რომ სამართლიანობა აღდგა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ასევე დადებითად აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები და ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ სასამართლომ ბიზნესის მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები იმის ნათელი მაგალითია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ მოსამართლეთა კვალიფიკაცია, რომლებიც ბიზნესის დავებს განიხილავენ. შედეგად, მოგებული დარჩა არა მხოლოდ სასამართლო სისტემა, არამედ ბიზნესი და მთლიანად საზოგადოება. მათივე შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები მიანიშნებს, რომ სასამართლო არის აბსოლუტურად მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებისას, ხელმძღვანელობს მხოლოდ ჯაბნონმდებლობის თანახმად და არ რეაგირებს ცალკეულ გავლენებზე.

ეკონომიკის ექსპერტის აკაკი ცომაიას შეფასებით კი, სააპელაციო სასამართლომ აღადგინა სამართლიანობა და კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, წინა გადაწყვეტილება ეჭვებს ნამდვილად ბადებდა, რადგან კანონი დემპინგის შესახებ საქართველოში არ გვაქვს და აქედან გამომდინარე ძალიან საეჭვო იყო ის გადაწყვეტილება, რაც საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.

„ფილიპ მორისი მსოფლიო ბაზარზე ცნობილი კომპანიაა და საკმაოდ დიდი რეიტინგი გააჩნია, აქედან გამომდინარე მის წინააღმდეგ უსამართლო მოქმედება და უსამართლო განჩინება ან მისი გადევნება ბაზრიდან საქართველოს იმიჯსაც დააზარალებს და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო გარემოსაც, რადგან მომავალში ეს აუცილებლად აისახება ეკონომიკის ზრდაზე. კარგია, რომ სააპელაციო სასამართლომ ქვეყნისთვისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანო გადაწყვეტილება გარკვეულწილად, გარკვეული დოზით სცადა და გამოასწორა“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ერთ-ერთი იყო, ვინც მწვავედ აკრიტიკებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ფილიპ მორისისა“ და „ბრითიშ ამერიქან ტობაკოს“ 100 მილიონზე მეტი ლარით დაჯარიმებას. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, ფადი ასლიმ „ბიზნესპრენიუსს“ განუცხადა, რომ მიესალმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

”გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მიიღო, ნამდვილად სწორია და ის პირველივე ეტაპზე უნდა მიეღო საქალაქო სასამართლოს. სასამართლო ბიზნეს და პირად ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს და ამა თუ იმ ბიზნესს არც მხარს უნდა უჭერდეს და არც ხელს უშლიდეს“, - აღნიშნა ფადი ასლიმ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის გია გვილავას განცხადებით, ორგანიზაციამ ეს საქმე შეისწავლა, ძალიან ბევრი დარღვევა იყო, რამაც გააჩინა ეჭვის საფუძველი, რომ ერთის მხრივ შეიძლება ყოფილიყო არაკომპეტენტურობა და ჩვეულებრივი სამართლებრივი ხარვეზი და შეცდომა, რომელიც გამოსწორდა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით.

მისივე თქმით, ორივვე შემთხვევაში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ კომპანიები ბაზარზე არიან მონოპოლისტები.

„თუმცა,საქართველოში მონოპოლიური მდგომარეობა არ იკრძალება და არც დომინირებული მდგომარეობა. მაგრამ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კომპანიას შეიძლება სანქცია დაეკისროს, ეს არის დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევა, მაგრამ ამისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს არის თუ არა დომინირებული მდგომარეობა, რომელსაც დამოწმება სჭირდება და დადგენა, არის თუ არა ბოროტად გამოყენების ფაქტი. ჩვენი კონკურენციის კანონმდებლობა არის გადმოღებული ევროკავშირის კანონმდებლობიდან, ეს არის სტანდარი ევროკავშირის და იქ არსებობს უზარმაზარი სასამართლო პრაქტიკა და ყველა შემთხვევაში პირველ რიგში ხდება იმის დადგენა, არის თუა რა კომპანია დომინირებულ მდგომარეობაში და არის თუ არა ბოროტად გამოყენებული მდგომარეობა. ამას მხოლოდ იურისტი ვერ დაადგენს, ამას სჭირდება სპეციალისტი, რომელიც გამოთვლის კომპანიის წილს ბაზარზე, შემდეგ კი იმას შეფასება არის თუ არა დარღვევა“, - აღნიშნავს გია გვალავა.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ „ფილიპ მორისისა“ და „ბრიტიშ ამერიკან ტობაკოსთვის“ პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებით საქართველოში სასამართლო სისტემამ სწორი ფუნქციონირება დაიწყო.

„ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ყველას მესიჯი გაუგზავნა, რომ სწორი ფუნქცინირების კანონიერების დაცვის შემთხვევაში საქართველოში უცხოური ბიზნესი იქნება დაცული. სასამართლოს გადაწყვეტილება ასეთი რომ არ ყოფილიყო, რაღაც პერიოდში ძალიან სერიოზული უხერხულობა ექნებოდა თვითონ ბიზნესს, რადგან როცა ბიზნესი მართალია და სასამართლო შენ სიმართლეს იცავს, ეს უკვე ძალიან საამაყო და იმედისმომცემია“, - აცხადებს თემურ ჭყონია.

შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი პარტნიორი არის შვეიცარიის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია „ფილიპ მორის ეს.ეი“. კომპანია საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა სახის თამბაქოს ნაწარმის მათ შორის როტმანსის, პალმალის, ბონდის, L&M-ის, მარლბოროსა და პარლამენტის დისტრიბუციას.