კიმ ჰოლმსი - საქართველო დიდ აღიარებას საჭიროებს ეკონომიკის ლიბერალიზების, კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების გამო

საქართველო დიდ აღიარებას საჭიროებს ეკონომიკის ლიბერალიზების, კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების გამო , - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ Heritage Foundation -ის ვიცე-პრეზიდენტმა კიმ ჰოლმსმა განაცხადა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ჰოლმსმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას.

მან ქართველებსა და ამერიკელებს მიულოცა დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე და მოკლედ განიხილა საქართველოს მიღწევები.

მისი განცხადებით, 1991 აშშ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელს კი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა საქართველოსთან.

”როგორც აღმოჩნდა ეს იყო იმ დიდი მეგობრობის დასაწყისი, რომლის 25 წლის იუბილეს დღეს აღვნიშნავთ“, - აღნიშნა ჰოლმსმა.

ჰოლმსის განცხადებით, საქართველოს მსგავსი პროგრესი, რომელიც 1999 წელს 123-ე ადგილს იკავებდა ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, არცერთ ქვეყანას არ ჰქონია.

”ამჟამად საქართველო მე-13 ადგილს იკავებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსგავსი წარმატებისთვის სხვა არცერთ ქვეყანას მიუღწევია. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის აშშ-ის ერთგული პარტნიორი, ბევრმა არ იცის, რომ ერაყში 2008 წელს, ქართული შენაერთი ჯარისკაცთა რაოდენობით მეორე იყო ამერიკის შემდეგ, ახლა კი ავღანეთში საქართველოს 870 მებრძოლი ჯარისკაცი წარმოადგენს, მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ქართველი ხალხის მადლიერი ვიქნები ასეთი მსხვერპლის გაღებისთვის“, - აღნიშნა დიპლომატმა.

საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ვაშინგტონში Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლმა.