ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რეფინანსირების პირამიდის შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ეროვნული ბანკი ინფლაციის მოთოკვას ცდილობს, რასაც ადასტურებს 18 მაისიდან დაწყებული, საბანკო ოლიგოპოლიისთვის რეფინანსირების სესხების მოცულობის ეტაპობრივად შემცირება.
15 ივნისამდე ერთკვირიანი რეფინანსირების პირამიდა შემცირდა 200 მლნ ლარით 1,15 მლრდ დონეზე.
თურმე ყოფილა შესაძლებელი ?!
შედეგიც სახეზეა: უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ლარის კურსი არის სტაბილური, ხოლო შედარებითი სიმყარის ინდექსი (RSI – Relative Strength Index) მერყეობს RSI=50 მიდამოებში (სრულყოფილად იხილეთ: https://www.bloomberg.com/quote/USDGEL:CUR).
ხუთშაბათს, 8 ივნისს გამართულმა რეფინანსირების აუქციონის შედეგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სხვაგვარად საბანკო ოლიგოპოლიის მორჯულება შეუძლებელია (იხილეთ ბლუმბერგის სქრინი).
თებერვალ-მაისში განხორციელებული რეფინანსირების განაკვეთის მომატებით, რაც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ორჯერ 25-25 საბაზისო პუნქტით 7%-მდე, ვერ შეასუსტა საბანკო ოლიგოპოლიის მადა რეფინანსირების რესურსზე, მაგრამ 25 მაისის, 1 ივნისის და 8 ივნისის აუქციონებზე, როგორც კი ეროვნულმა ბანკმა გადაკეტა ონკანი, საბანკო ოლიგოპოლიაც დამორჩილდა.
ინფლაციის მოთოკვის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ 15 ივნისს დაგეგმილ აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა საბანკო ოლიგოპოლიას დააბრუნებინოს 400 მლნ მოცულობის ის ერთთვიანი სესხი, რომელიც იანვარში გაიცა გალარების პროგრამის დასაფინანსებლად, ხოლო საბანკო ოლიგოპოლიამ სხვა დანიშნულებით გამოიყენა.
აქვე მინდა გამოვეხმაურო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბატონ კობა გვენეტაძის საკმაოდ არადამაჯერებლ პასუხს, რომელიც 25 მაისს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მან გააჟღერა.
ერთ-ერთმა პარლამენტის წევრმა დასვა შეკითხვა, თუ როგორ აპირებს ეროვნული ბანკი რეფინანსირების პირამიდით გამოწვეული ფულის მასის შემცირებას?
როგორც ცნობილია, მ2 მონეტარული აგრეგატი ერთი წლის განმავლობაში 15% არის მომატებული.
აღნიშნულ შეკითხვაზე ბატონ კობა გვენეტაძის პასუხი იყო ის, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი განახორციელებს ღია ბაზრის ოპერაციებს, ე.ი. მიმოქცევიდან ფულის მასის შემცირების მიზნით ეროვნული ბანკი საბანკო ოლიგოპოლიას შესთავაზებს სახაზინო ობლიგაციებს.
რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა თეორიულად სწორია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის განკარგულებაშია სახაზინო ობლიგაციების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი 175 მლნ ლარის რაოდენობით, რომელიც თეორიულად შეიძლება დაექვემდებაროს ბაზარზე გაყიდვას.
როგორც ცნობილია, სახაზინო ობლიგაციების მთლიანი მოცულობა ამჟამად შეადგენს 2,3 მლრდ ლარამდე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, 2 მლრდ ლარი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისედაც უკვე საბანკო ოლიგოპოლიის მფლობელობაშია.
შესაბამისად, 175 მლნ ლარი არასაკმარისი იქნება მონეტარული აგრეგატის 1 მილიარდიანი ზრდის გასანეიტრალებლად გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით და ამ გზით ინფლაციის მოსათოკად.
დღევანდელი მდგომარეობით, ინფლაციის მოთოკვის ერთადერთი ეფექტური მექანიზმია ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ეროვნული ბანკის მხრიდან საბანკო ოლიგოპოლიის სურვილის საწინააღმდეგოდ რეფინანსირების პირამიდის მნიშვნელოვნად შემცირება - არაუგვიანეს სექტემბრამდე დრო გაქვთ - ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი !!!", - წერს ასლანიშვილი.