ლევან ხაბეიშვილი - 15 თვეში თბილისის მერიისა და 9 სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის პრემია-დანამატები და დაფინანსების ხარჯები 4 279 788 ლარია

ბოლო 15 თვის განმავლობაში დედაქალაქის მერიისა და სამინისტროების შიდა აუდიტის სამსახურის პრემია-დანამატები და დაფინანსების ხარჯები 4 279 788 ლარს შეადგენს, საიდანაც 1 506 588 ლარი პრემია-დანამატია , - ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ”ახალი საქართველოს” ანტიკორუფციული ბიუროს წევრები გამოდიან ინიციატივით, რომ გაუქმდეს შიდა აუდიტის სამსახურები, როგორც სამინისტროებში, ასევე მერიაში.

”ახალი საქართველოს“ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩაატარა კვლევა, რომელიც ეხებოდა სამინისტროების შიდა აუდიტს და ასევე დედაქალაქის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს. 9 სამინისტროში და დედაქალაქის მერიაში უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში დაიხარჯა 4 279 788 ლარი, საიდანაც 1 506 588 ლარი პრემია-დანამატია”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

როგორც ”ახალი საქართველოს” ანტიკორუფციული ბიუროს წევრმა მარიამ ქელბაქიანმა აღნიშნა, აუდიტის სამსახურთან დაკავშირებული ხარჯების მხრივ პირველ ადგილზე თბილისის მერიაა, სადაც 1 222 568 ლარი დაიხარჯა და აქედან პრემია 308 636 ლარია. მისივე თქმით, შემდეგ ადგილს იკავებს განათლების სამინისტრო, სადაც ხარჯი ასევე მილიონ ლარზე მეტია.

როგორც ”ახალი საქართველოს” ანტიკორუფციული ბიუროს წევრებმა განაცხადეს, კვლევაში მოყვანილია 9 სამინისტროს და მერიის ხარჯები. ეს სამინისტროებია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგულებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მარიამ ქელბაქიანის განცახდებით, ”ახალმა საქართველომ” დანარჩენი უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, მაგრამ მათგან პასუხი არ მიუღიათ.