განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პარტია ”ახალი საქართველოს” მოთხოვნას სამინისტროებში შიდა აუდიტის სამსახურების გაუქმებაზე „აბსოლუტურ სისულელეს“ უწოდებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.
ჯეჯელავას თქმით, შიდა აუდიტის სამსახურების მუშაობის შედეგად თანხების დაზოგვა ხდება, მათ მიერ ხდება შესყიდვების შემოწმება და უწყებებში ყველანაირი შიდა კონტროლი.
”განათლების სამინისტროს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ათობით მილიონი ლარია ეფექტურობის ფასი, ანუ უფრო ეფექტურად ჩატარებული სამეურნეო მოქმედებები, რაც ჩვენს შემთხვევაში შიდა აუდიტს დამსახურებაც არის. მე ვფიქრობ, რომ მენეჯმენტში ვინმე ცოტათი მაინც თუ ერკვევა, ასეთ წინადადებას არ წამოაყენებს”, - განაცხადა მინისტრმა.
„ბოლო 15 თვის განმავლობაში დედაქალაქის მერიისა და სამინისტროების შიდა აუდიტის სამსახურის პრემია-დანამატები და დაფინანსების ხარჯები 4 279 788 ლარს შეადგენს, საიდანაც 1 506 588 ლარი პრემია-დანამატია“, - ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ”ახალი საქართველოს” ანტიკორუფციული ბიუროს წევრები გამოდიან ინიციატივით, რომ გაუქმდეს შიდა აუდიტის სამსახურები, როგორც სამინისტროებში, ასევე მერიაში.
როგორც ”ახალი საქართველოს” ანტიკორუფციული ბიუროს წევრმა მარიამ ქელბაქიანმა აღნიშნა, აუდიტის სამსახურთან დაკავშირებული ხარჯების მხრივ პირველ ადგილზე თბილისის მერიაა, სადაც 1 222 568 ლარი დაიხარჯა და აქედან პრემია 308 636 ლარია. მისივე თქმით, შემდეგ ადგილს იკავებს განათლების სამინისტრო, სადაც ხარჯი ასევე მილიონ ლარზე მეტია.