10-ლარიანი ბანკნოტის ერთ მხარეს ქართული ხალხური საკრავების დატანის ინიციატივით საკრავთმცოდნე თორნიკე ზედელაშვილი გამოდის.
უახლოეს დღეებში ზედელაშვილი ეროვნულ ბანკს განცხადებით მიმართავს. როგორც თორნიკე ზედელაშვილი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, 10-ლარიან ბანკნოტზე უკანა მხარე უნდა შეიცვალოს და მასზე რამდენიმე ქართული ხალხური საკრავი უნდა იყოს დატანილი:
”გამოვთქვამ ინიციატივას, რომ ათლარიანის ერთ მხარეს ქართული ხალხური საკრავები - სალამური, ფანდური, ბანის ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, დუდუკი, ჩანგი, დოლი, დიპლიპიტო და დაირა დაიტანონ. ვაპირებ საქართველოს ეროვნულ ბანკს განცხადებით მივმართო და კუპიურაზე დასატანი დაახლოებითი ესკიზი თან დავურთო. რა თქმა უნდა, ჩემი ესკიზი დაახლოებითი ვერსიაა და როგორც წესი, მას დამუშავება დასჭირდება. ზოგადად ფულის ესკიზის შეცვლა ალბათ სიძნელეებთან და ფინანსებთან არის დაკავშირებული და ეს გასაგებია, მაგრამ როგორც ვიცი ამ ეტაპზე ხუთლარიანის შეცვლის შემდეგ, უკვე აპირებენ, რომ ათლარიანიც შეცვალონ. ვფიქრობ, საქართველოს, როგორც ერს დიდი ღირებულებები აქვს, ერთ-ერთი მათგანი ქართული ხალხური საკრავებია, საკრავები რომლებიც უკვდავია და ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის ფასეულია. მსგავსი საშუალებით ჩვენ მნიშვნელოვან პოპულარიზაციას გავუწევთ ქართულ საკრავებს, როგორც ქართველებში, ასევე შემოსულ ტურისტებში”, - განაცხადა საკრავთმცოდნე თორნიკე ზედელაშვილმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.
10-ლარიანი ბანკნოტის უკანა მხარეს ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის ფერწერული ტილოდან ”იმერეთი-დედაჩემი”, დედის პორტრეტი და ვაზის ლერწამია გამოსახული.