ლიტვის სეიმის კომიტეტებმა 2017-2020 წლებში საქართველოს მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა მიიღეს

ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებმა 2017-2020 წლებში საქართველოს მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა მიიღეს.

როგორც საქართველოს პარლამენტიდან იუწყებიან, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებმა უპრეცენდენტო დოკუმენტი - 2017-2020 წლებში ლიტვის მიერ საქართველოს მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და ლიტვის მთავრობას პოლიტიკური, ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერის მობილიზებისკენ მოუწოდეს.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტები მოუწოდებენ ლიტვის მთავრობას აქტიურად ჩაერთოს გეგმის განხორციელებაში, ამ მიზნით, შესაბამისი დაფინანსებაც გამოყოს და სეიმის სესიის განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, წარმოადგინოს ინფორმაცია 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

სამოქმედო გეგმაში გამოკვეთილია, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, დემოკრატიული კონსოლიდაციის მხარდაჭერა ლიტვის ინტერესებშია და ამ მიზნით ქვეყანა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისკენ მიმართავს მნიშვნელოვან ძალისხმევას.

დოკუმენტი, რომელზეც შესაბამისი კომიტეტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, მრავლისმომცველია და ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება, საპარლამენტო თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები, განათლების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების დახმარება და სხვა.

ლიტვა გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს ინტერესების ლობირება გასწიოს საერთაშორისო დონეზე და მოუწოდოს სხვა ქვეყნის პარლამენტებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომ საქართველოს დახმარების ანალოგიური გეგმები შეიმუშაონ.

გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა საერთაშორისო დონეზე იმ პრინციპის დამკვიდრება, რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები რუსეთის ინტერესის სფეროდ არ განიხილებოდნენ.

„ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ქართული საზოგადოების მკაფიო და სუვერენული სურვილის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, დასავლეთი რუსეთის მიერ ახალი „წითელი ხაზების“ ჩამოყალიბების პრევენციას მოახდენს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა საპარლამენტო თანამშრომლობას და დიპლომატიას. ხაზგასმულია საქართველოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა როგორც მეგობრობის ჯგუფების დონეზე, ისე შესაბამისი სფეროების საპარლამენტო კომიტეტებს შორის. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია საერთაშორისო ფორმატებში ლიტვისა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. ასევე, საუბარია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მობილიზების მიზნით ევროპის პარლამენტთან ურთიერთობის გააქტიურებასა და ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან პარტიული დიპლომატიის გაღრმავებაზე, რაც მრავალმხრივ ფორუმებში ქართული პოლიტიკური პარტიების ჩართვას უზრუნველყოფს.

დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა. ასევე საუბარია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, ნატო-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში საქართველოს მხარდაჭერაზე.

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტები დოკუმენტში აუცილებელი რეფორმების განხორციელებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერაზე, ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს მეტი ერთობლივი წვრთნების ხელშეწყობასა და საქართველოში პარტნიორი ქვეყნების ძალების მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მხარდაჭერაზე მიუთითებენ.

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი მუდმივ ხაზგასმას საჭიროებს მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე აღნიშნულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმართ მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობა და საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ორმხრივი ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტები საუბრობენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის გაზრდასა და რეფორმების ხელშეწყობის მიზნით ფინანსურ მხარდაჭერაზე.

ასოცირების შესახებ შეთანხმების შეფასების საფუძველზე, დოკუმენტი მოუწოდებს, საქართველოს ხელშეწყობისკენ იმ „პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და იმ რეფორმების განხორციელების დაწყებაში, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მაღალი სარგებლის ყველაზე სწრაფად მოტანა“.

გეგმის თანახმად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ევროკავშირში ექსპორტის გასაზრდელად ლიტვა ევროკავშირის ინსტიტუტებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რათა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (AA/DCFTA) შეთანხმების ჩათვლით, „წარმატების ისტორიად“ იქცეს.

გეგმაში შერჩეულია სფეროები, საითკენაც ექსპერტული და ფინანსური დახმარება უნდა მიიმართოს. მათ შორისაა, საჯარო სამსახურის რეფორმა, მუნიციპალური სერვისები, წყლის მართვა, ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიები, საგზაო მოძრაობის კანონმდებლობების გაუმჯობესება, დახმარება განათლების სფეროში, სტუდენტებისთვის მეტი სტიპენდიები და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის გაცვლითი პროგრამები.

გეგმის თანახმად, დახმარება ასევე მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში დახმარებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ეროვნული სტრატეგიული ამოცანების შესრულება, დემოკრატიული ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და მტრულ პროპაგანდასთან გამკლავება.