ძლიერმა წვიმამ სოფელ ძველ ვეძისში გზა დააზიანა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ განუცხადა. ბექა მიქაუტაძის თქმით, რამდენიმე წუთის წინ მას სოფელ ძველი ვეძისიდან დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ წვიმამ სოფლის გზა დააზიანა.
მიქაუტაძის თქმით, ადგილზე ჯგუფი და სპეციალური ტექნიკა გაიგზავნება.
„სოფელ ძველ ვეძისში, რომელიც საბურთალოს რაიონს ეკუთვნის, ასფალტის საფარიანი გზა არ იყო დაგებული. ჩვეულებრივი მოხრეშილი გზაა. გარკვეულ ადგილებში ძლიერი წვიმის ნალექმა გზა დააზიანა. ადგილზე სპეცტექნიკას გავუშვებთ. ადგილზე გაირკვევა, შესაძლებელია თუ არა პრობლემის დღესვე აღმოფხვრა“, - განაცხადა გამგებელმა.
ბექა მიქაუტაძემ ასევე განაცხადა, რომ ძლიერი წვიმა და სეტყვა დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში იყო, თუმცა, გამგეობაში დახმარებისთვის შეტყობინება არ შესულა.