2017 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველო 2.084 ქულით მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 94-ე პოზიცია ერგო.
"ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" ინდექსში საქართველოში მშვიდობის დონე „საშუალო შკალით“ არის შეფასებული. თუმცა, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო მესამეა მოლდოვასა და ყაზახეთის შემდეგ. რეგიონში ბოლო პოზიციებზე რუსეთი და უკრაინა არიან.
ინდექსის თანახმად, საქართველო იმ რვა ქვეყანას შორის არის, სადაც 2008-2016 წლებში მშვიდობიანობის მაჩვენებელი დაბალიდან საშუალო შკალამდე გაუმჯობესდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს 93 ქვეყანა უფრო უსაფრთხო გახდა, 68 ქვეყანა კი უსაფრთხოების დონე უარესობისკენ შეიცვალა. საერთო ჯამში კი მსოფლიო 0,28%-ით უფრო მშვიდობიანი გახდა, ვიდრე 2015 წელს. ამასთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტერორიზმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა მსოფლიოს 23 ქვეყანაში, მათ შორის დანიაში, შვედეთში, საფრანგეთსა და თურქეთში. ქვეყნების 60%-ში ტერორიზმის დონე იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე 10 წლის წინ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ტერორიზმის დონემ მოიმატა, ევროპა მაინც რჩება მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან რეგიონად.
გლობალური მშვიდობის ინდექსი "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" მიერ შემუშავებული მეთოდია, რომელიც სხვადასხვა ინდიკატორების საშუალებით მსოფლიოში მშვიდობიანობის დონეს ზომავს.
ინდექსის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა კრიმინალის აღქმა, მკვლელობები, დაპატიმრებული მოსახლეობა, იარაღის ხელმისაწვდომობა, ორგანიზებული კონფლიქტი (შიდა), ძალადობრივი დემოსტრაციები, პოლიტიკური არასტაბილურობა, პოლიტიკური ტერორი, იარაღის იმპორტი, ტერორისტების აქტივობა, სიკვდილიანობა კონფლიქტისას (შიდა), სამხედრო დანახარჯები, შეიარაღებული სერვისის პერსონალი, გაეროს
მშვიდობისმყოფლების დაფინანსება, ბირთვული და მძიმე შეიარაღება, იარაღის ექსპორტი, ადგილნაცვალი პირები, ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და ა.შ.
”გლობალური მშვიდობის ინდექსის” თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა ისლანდიაა. მშვიდობიანი ქვეყნების ხუთეულში ასევე მოხვდნენ ახალი ზელანდია, პორტუგალია, ავსტრია და დანია. ყველაზე არამშვიდობიან ქვეყანად კი სირია დასახელდა. ბოლო ხუთეულში ასევე არიან ერაყი, ავღანეთი, სამხრეთ სუდანი და იემენი. .
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, ინდექსის თანახმად, რუსეთი 163 ქვეყანას შორის 151-ე პოზიციაზეა, უკრაინა - 154, სომხეთი - 112-ე, აზერბაიჯანი - 132-ე, ხოლო მოლდოვა 62-ე პოზიციაზეა.