ობამა რუსეთს ენერგეტიკაზე, ფინანსებსა და იარაღით ვაჭრობაზე სანქციებით დაემუქრა

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, რუსეთს მორიგი სანქციებით დაემუქრა.

რუსეთისა და უკრაინის ისტორიული კავშირები არ ამართლებს ყირიმის ანექსიას, - განაცხადა მან ჰააგაში გამართული საერთაშორისო ბირთვული სამიტის დასასრულს.

მან ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსეთმა შესაძლოა, თავისი ქმედებები კვლავ განაგრძოს და გააფრთხილა, რომ დამატებითი სანქციები ელოდება, რომელსაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა ჰქონდეს მსოფლიო ეკონომიკაზე, მაგრამ უფრო მეტ ზიანს თავად რუსეთს მიაყენებს.

”თუ რუსეთი კიდევ უფრო შორს წავა, სადამსჯელო ზომებს მის წინააღმდეგ სექტორების მიხედვით მივიღებთ, მათ შორის, ეს შეიძლება შეეხოს ენერგეტიკას, ფინანსებს, იარაღის რეალიზაციასა და ვაჭრობას. ამ ეტაპზე ჩვენ ტექნიკურ დონეზე ვსწავლობთ სანქციების გავლენას”, - განაცხადა მან. 

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალისხმევას არ დაიშურებენ უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად და არჩევნების ჩასატარებლად.

”ჩვენ არ დავიწყებთ ომს რუსეთთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი იზოლირებული არ იქნება. ის დღეს უფრო იზოლირებულია, ვიდრე 5 წლის წინ, საქართველოს ომის შემდეგ”, - აღნიშნა ობამამ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ”რუსეთი რეგიონული ძალაა, რომელიც საფრთხეს უქმნის თავის რამდენიმე მეზობელს. მაგრამ ეს არა სიძლიერის, არამედ სისუსტის გამოვლინებაა”.