საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული მხარე „ინტერ-რაოსთან“ დავაში საკუთარი პოზიციების დაცვას შეძლებს.
როგორც ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ საარბიტრაჟო სასამართლოდან შეტყობინება უკვე მიიღო.
„ჩვენი პოზიციების დასაცავად მზად ვართ. “ინტერ-რაოს“ „თელასში" ინვესტიცია არ განუხორციელებია და 2016 წელს მოსალოდნელზე მეტი დივიდენდი მიიღო. რატომ უნდა გადავიხადოთ კომპენსაცია? ძლიერი პოზიცია გვაქვს და ვიმედოვნებ, მის დაცვას შევძლებთ", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა, რომლის კომენტარსაც „იმედი“ ავრცელებს.
რუსული სახელმწიფო ენერგოჰოლდინგი "ინტერ-რაო" საქართველოს ხელისუფლებასთან დავის გადაწყვეტას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს. დავის საგანი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარის თქმაა ტარიფების გაზრდაზე.
"ინტერ-რაოს" ჯგუფი ადასტურებს ორი სარჩელის შეტანას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", - ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, კომპანია ითხოვს ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას, ასევე კომპენსაციის გადახდას, რომლის თანხა რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
"ინტერ-რაოს" სტრუქტურები, Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V., დარეგისტრირებულები არიან ნიდერლანდებში და ფლობენ ქართული გამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75%-ს და "ხრამი ჰესი 1"-ს და "ხრამი ჰესი 2-ს.