საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სომხეთის ქალაქ დილიჟანში გაიმართა.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე.
შეხვედრაზე, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი, მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტი სირილ მიულერი, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ჰემსკერკი, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მონაწილეობდნენ, მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დოლარიზაციის მაღალ კოეფიციენტზე, რომელიც არაერთი ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეკრების ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა.