წითელ ხიდსა და ყაზბეგში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 1ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის, ვ.პ -ს ბარგში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 1,181.87 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 68,017.24 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული ოქროს ფხვნილის (3 შეკვრა) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 3 ივნისს, სგპ ,,ყაზბეგიშიც’’. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17, 772.23 ლარი შეადგინა.
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
არადეკლარირებული საქონლის - ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ რამდენიმე ფაქტი 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ სადახლოზე აღმოჩენილი საქონლის საერთო წონამ 81.98 გრამი შეადგინა ხოლო საერთო საბაჟო ღირებულებამ - 16,917.6 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 16,917.6 ლარის ოდენობით შეეფარდათ.