ხობში სტიქისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას შეუდგა

ინტენსიური წვიმების გამო, მდინარე ხობისწყალი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და ხობის რაიონს სერიოზული ზიანი მიაყენა.

ხობში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის ეზო და სარდაფები დაიტბორა, ასევე დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი. კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ მათი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის დამბა, რომელიც გაფართოებას საჭიროებს, თუმცა, წლებია, მათ ყურადღებას არავინ აქცევს.

გარდა ამისა, ადიდებულმა მდინარემ სოფელი ბიაში დააზიანა ერთადერთი საფეხმავლო ხიდი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებსა და საძოვრებზე გადადიოდა.

ხობის გამგეობაში აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია უკვე მუშაობს. რაც შეეხება ხიდის პრობლემას, უწყებაში ამბობენ, რომ ხიდი სავარაუდოდ აღდგენას დაექვემდებარება. დამბის პრობლემასთან დაკავშირებით კი, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა განმარტავს, რომ ეს პრობლემა დიდ ფინანსებს საჭიროებს, რის გამოც, ისინი ცენტრალურ მთავრობას მიმართავენ.

ხობის გარდა, სამეგრელოს სხვა რაიონებშიც არის მცირე ზარალი, მათ შორის, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მარტვილში. რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ყველა რაიონში ზარალის დათვლა მიმდინარეობს.