ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადისკუსიო პანელზე გაიმართა მსჯელობა, თემაზე: ”გლობალური ეკონომიკა და სავალუტო ფონდის როლი მსოფლიოში".
როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ISET-ის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ ეკონომიკას და მის გავლენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. გამომსვლელებმა ისაუბრეს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე, საქართველოს პასუხზე საგარეო შოკსა და ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტსა და დოლარიზაციაზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ შეხვედრის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. "დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია სტუდენტ-ახალგაზრდობასთან ერთად მიმოვიხილოთ გლობალური ეკონომიკის გავლენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. მოგეხსენებათ, რომ მცირე ზომის ღია ეკონომიკები, რომელთა რიცხვს საქართველოც განეკუთვნება, მუდმივად განიცდიან საგარეო შოკებს, ზოგს უარყოფითს, ზოგს კი დადებითს. 2014-2016 წლებში რამდენიმე უარყოფით საგარეო შოკი დაფიქსირდა, რომლებიც ნეგატიურად ზემოქმედებდნენ არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკაზე, არამედ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებსა და ზოგადად მთელი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკებზე. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული იყო ქვეყნების ცენტრალური ბანკების პოლიტიკის რეაგირება ხსენებულ შოკებზე. განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკებს შორის. კერძოდ, მაშინ როდესაც ზოგმა ქვეყანამ გაცვლითი კურსის მართვის მიზნით, აქტიური სავალუტო ინტერვენციები განხორციელა, ზოგიერთ ქვეყანაში კურსის გაუფასურების საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა მკვეთრად გამკაცრდა, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კონცენტრირებული იყო ინფლაციის მოლოდინებზე, ხოლო ინტერვენციები კი - იშვიათი ჭარბი მერყეობის შერბილებაზე. საგარეო შოკებზე სწორი რეაგირების გარდა მნიშვნელოვანია, ასევე, ადგილობრივი ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვაც. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და მაღალი დოლარიზაცია წარმოადგენს საქართველოს მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევებს. დღეს სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილესთან ერთად ამ საკითხებზეც გავამახვილეთ ყურადღება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები, ეს ჩემი პირველი ვიზიტია. პირველ რიგში დადებითად მინდა შევაფასო საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეკონომიკური გუნდი ცდილობს წარმატებით გაატაროს ეკონომიკური რეფორმები, შეინარჩუნოს მდგრადი ეკონომიკა, ეს ყოველივე უფრო ძლიერი და მდგრადი განვითარების მომასწავლებელია. ჩვენ ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ უფრო მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკას, რითიც სარგებელს ნახავს მოსახლეობა. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმის განხორციელებას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საკითხებს. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ სტრუქტურულ რეფორმებზე, სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები. ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც მოსახლეობა და ახალგაზრდა თაობა საკუთარი თავის რეალიზებას უკეთ შეძლებს. ასევე, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ისეთი გარემო, რომელიც განავითარებს სხვადასხვა შესაძლებლობებს უცხოური ინვესტიციებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებასთან ეფექტური თანამშრომლობის გზით წარმატებით განვახორციელებთ დაგეგმილ პროგრამებს", - განცხადა ტაო ჟანგმა.