პარლამენტში ინიცირებულია კანონში ცვლილებები, რომლითაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმი ცხადდება.
პროექტის ავტორი და ინიციატორი “ქართული ოცნების“ 40-დეპუტატია.
პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს.
თავის მხრივ, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე.
ბიუროს გადაწყვეტილებით, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებას პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავს.