გადასახადის გადამხდელები – საბანკო ოლიგოპოლიის ზემოგების მთავარი კონტრიბიუტორები

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საბანკო ოლიგოპოლიის შესახებ წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც უკანასკნელ პერიოდში ხშირად ვსაუბრობთ, საბანკო ოლიგოპოლია თვიდან თვემდე ზემოგებების ახალი რეკორდების გამოიმუშავებს.

მიუხედავად დიდი ემოციური მუხტისა, რომელიც ყოველი თვის დასაწყისში ასეთ ნიუსებს უკავშირდება ხოლმე, გვიკითხავს ოდესმე : „როგორ? საიდან?“

როგორც ცნობილია, ბუღალტრული მოგება ნებისმიერი კომერციული ბანკისთვის წარმოადგენს დადებით სხვაობას აქტივებიდან მიღებულ შემოსავალსა და პასივზე გაწეულ ხარჯებს შორის.

ახლა ერთი წუთით ისიც წარმოვიდგინოთ, რომ ერთ–ერთ აქტივს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის მიცემული სესხი სახაზინო გამოშვებების, ე.ი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახით, რომლებზეც შემოსავლიანობა თითქმის 10%–მდეა (გრძელვადიან ფასიან ქაღალდებზე პროცენტი მნიშვნელოვნად აღემატება 10%), და რომელსაც სახელმწიფო, ე.ი. საბოლოო ჯამში გადასახადის გადამხდელი იხდის (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბლუმბერგის სქრინზე სახაზინოების სრული სია).

ეროვნული ბანკის მიერ ბოლოს, 9 ივნისს ექსელის ფაილში განახლებული ინფორმაციის თანახმად, მოქმედი სახაზინო ვალდებულებების (მოკლევადიანი ბილები, საშუალო– და გრძელვადიანი ობლიგაციები) მთლიანი მოცულობა შეადგენს 2,377 მლრდ ლარს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი 2,041 მლრდ ლარი (86%) საბანკო ოლიგოპოლიის ხელშია.

სახაზინო გამოშვებების პორთფელში ასეთი ასიმეტრიული განაწილება წარმოადგენს მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს, რომლის უარყოფითი შედეგიც, საერთაშორისო და, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების გამოცდილებით, სახელმწიფო ფინანსების და საბანკო სექტორის გაკოტრების ერთდროულობაში შეიძლება გადაიზარდოს.

ე.ი. სახელმწიფოს მთავარ კრედიტორად საქართველოში გვევლინება საბანკო ოლიგოპოლია, და არა კერძო სექტორი, რომლის წარმომადგენლებში – ე.ი. კერძო ბიზნესის და კერძო მომხმარებლების ხელში არ არის გავრცელებული სახაზინო გამოშვებები.

ჩემი აზრით, ასეთი სტატუს–ქვო საქართველოში ჩამოყალიბდა იმიტომ, რომ 2011–2012 წლებში ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტორს აახია (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!!!) ე.წ. სახაზინო სახლის ფუნქცია.

თვით განვითარებად ეკონომიკებში (აღარაფერს ვამბობ აშშ–ზე, ინგლისზე, ევროპის ქვეყნებზე, ავსტრალიაზე, იაპონიაზე) სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდები პირველად ბაზარზე, უმეტესად აუქციონის სახით, გამოაქვთ ფინანსთა სამინისტროებს, მათ სტრუქტურაში შემავალი სახაზინო ოფისების ან სახაზინო სახლების მიერ, ხოლო ცენტრალური ბანკები ასრულებენ მხოლოდ ანგარიშსწორების მომსახურებას (Settlement Custody Service).

საქართველოში საბანკო ოლიგოპოლიას, ეროვნული ბანკის დახმარებით, პირველადი კონკურენტული ბაზარი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აქვს ჩაკეტილი, და შექმნილ სასათბურე პირობებში გაცილებით ხელშეუშლელად გრძნობს თავს იმით, რომ სახაზინო აუქციონებს თავიდან ბოლომდე ეროვნული ბანკი ატარებს, რომელიც თავის მხრივ საბანკო ოლიგოპოლიის სასარგებლოდ ითავსებს სახაზინო სახლის ფუნქციებს, ხოლო ფინანსთა სამინისტრო და ამით ფაქტიურად მთავრობა აფსაითშია.

კაპიტალის ბაზრის განვითარების პროგრამა, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ–ერთი კომპონენტია, აუცილებლად უნდა გულისხმობდეს სახაზინო სახლის ფუნქციის ჩამორთმევას ეროვნული ბანკისთვის და სახაზინო აუქციონების ჩატარებას უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ.

სწორედ ამ გზით შეიძლება იქნეს მიღწეული ის, რომ საბანკო ოლიგოპოლია აღარ იყოს ერთადერთი მონაწილე აუქციონში და აღარ იგრძნოს თავი სასათბურე პირობებში.

სწორედ ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ მთლიანი პორტფელი იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული მფლობელთა მიხედვით, რომელთა შორის კომერციული ბანკებიც, თავად ეროვნული ბანკიც, უცხოელი ინვესტორებიც, მაგრამ უპირველესად ადგილობრივი კერძო სექტორი თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ.

ჯერ უნდა მოხდეს პირველადი ბაზრის სრულყოფა, რომ შემდეგ მეორადი ბაზარიც ამუშავდეს !!!,"- წერს ასლანიშვილი.