ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. როგორც ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმის შედეგად გზები ჩამოირეცხა და გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები მამუკა წოწერია, თამაზ ჟორჟოლიანი და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
გამგებლის პირველი მოადგილის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სანიაღვრე არხთან დაკავშირებული პრობლემებია, უკვე მიმდინარეობს კაპიტალური სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები.
„მთავარ პრობლემას კი ქალაქიდან მომავალი წყლის ნაკადი ქმნის. ვინაიდან ეს გზა საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, მათთან მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს ხანებში განახორციელოს ჭითაწყარის გზაჯვარედინთან, შუქნიშანის მიმდებარედ გზის გადაჭრა და სათანადო მილის ჩადგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქიდან მომდინარე წყლის მოცილებას და მის ჩაშვებას მდინარე ჩხოუშში, რითაც წყლის ჭარბი ნაკადის პრობლემა მოგვარდება. ეს სამუშაოები გვიჩვენებს, ჭითაწყარში იქნება თუ არა საჭირო დამატებითი კაპიტალური სანიაღვრე არხების მოწყობის საჭიროება. ამ ღონისძიებით ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ წყლის ჭავლს და ეს პრობლემა მოგვარდება. რაც შეეხება ჯიხაშკარს, ზუგდიდი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე, საგზაო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული ხიდის მიმდებარედ არსებულმა მილ-ხიდმა ვერ უზრუნველყო უხვი ნალექის დროს მოსული წყლის ნაკადის გატარება, რის შედეგადაც დაიტბორა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობები. დადგენილია სავარაუდო ტექნიკური პრობლემები მილ-ხიდთან დაკავშირებით, რომლის მოგვარება უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ფუნქციონირებას“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მისივე თქმით, ჯიხაშკარში ასევე პრობლემებია მდინარე ტარჩიას ხეობაში, სადაც მათი ძალებით გაკეთებული ჰქონდათ ნაპირსამაგრი სამუშაოები, მაგრამ არსებულმა მდგომარეობამ აჩვენა, რომ ეს ნაპირსამაგრი სამუშაოები გასაგრძელებელია, რადგან ნაპირსამაგრი დამბა ჩამოირეცხა.
„კაპიტალური ნაპირსამაგრებისა და გაბიონების მოწყობაა საჭირო. ამასთან დაკავშირებითაც მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს, რათა მოხდეს ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსება. გარკვეული შეფერხებები იყო გრიგოლიშის გზაზე სანიაღვრე არხების წყალგამტარიანობის გამო. ამ ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოები ყველგან მიმდინარეობს. მზადდება შესაბამისი აქტები და ფოტომასალა, რომელიც გადაეგზავნება ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემდგომი რეაგირების მიზნით. მნიშვნელოვანი ზარალი არ ფიქსირდება“, - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.