პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.
რამდენიმე კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა, მზადდება და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდება ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომლის მიზანიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია იქნება.
ზოიძის განმარტებით, მასში კომპლექსურად იქნება ასახული ერთი მხრივ, ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ ზრუნვისა და მკურნალობის პოლიტიკა, ხოლო მეორე მხრივ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკის გამკაცრება და უკომპრომისო ბრძოლა.
მისივე თქმით, პროექტში ყურადღება გამახვილდება პრევენციაზეც.
”მმართველი გუნდი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზით მიდის. შეიძლება ტემპი ამ მიმართულებით მოგვეწონოს, ან არ მოგვეწონოს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ამიტომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კონსენსუსის გზით ვიაროთ”, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.