თამარ მენთეშაშვილი შანხაიში, Jiao Tong-ის უნივერსიტეტის მკვლევარია.
იგი ფინანსურ ინოვაციებს იკვლევს და უნივერსიტეტის შეთავაზებით დოქტორანტურის გაგრძელებას იქვე აპირებს.
საქართველოში ”თავისუფალი უნივერსიტეტის” სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ედინბურგში მაგისტრატურაზე, საბანკო სამართლისა და ფინანსების მიმართულებით გააგრძელა.
”მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილება მქონდა, ედინბურგში ჩემი პროგრამის ფარგლებში ისეთი სფეროების საწყისების ძალიან სწრაფად ათვისება მომიწია, რომლებიც ბაკალავრის ხარისხის ფარგლებში საქართველოში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ ისწავლება. ედინბურგის უნივერსიტეტი წამყვანია თავისი რეიტინგით. ჩემთვის საინტერესო პროგრამებიდან სწორედ ეს უნივერსიტეტი მაძლევდა საშუალებას, მქონოდა წვდომა ყველა იმ რესურსზე, რომელიც დასახული მიზნების მიღწევაში დამეხმარებოდა. საბანკო სამართლისა და ფინანსების მიმართულებით 1 წლის განმავლობაში მომეცა შესაძლებლობა, მიმეღო ცოდნა და შემეძინა ღირებული კონტაქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში”, - ამბობს თამარ მენთეშაშვილი.
ედინბურგში სწავლის პარალელურად, ქართველი მკვლევარი უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტთა კურატორის პოზიციაზე 9 თვის განმავლობაში მუშაობდა.
”ედინბურგის უნივერსიტეტი ამ ვაკანსიას სტუდენტებს ყოველ წელს სთავაზობს. დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. რამდენიმე ეტაპის გადალახვის შემდეგ, ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ დასაქმებული ვიყავი ამ პოზიციაზე, რაც გულისხმობდა უნივერსიტეტის სტუდენტების დახმარებას, გადაეჭრათ მათ აკადემიურ და სოციალურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა”, - გვიყვება ფინანსური ინოვაციებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მკვლევარი.
თამარ მენთეშაშვილი მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ედინბურგის უნივერსიტეტის რეკომენდაციით შანხაიში, Jiao Tong უნივერსიტეტმა მიიწვია, რათა ფინანსური ინოვაციების შესახებ თავისი კვლევა გაეგრძელებინა.
”თავდაპირველი გეგმა, ერთი სემესტრით წამოვსულიყავი ჩინეთში, გადაიქცა ორი სემესტრის ვიზიტად და ახლა უკვე ამავე უნივერსიტეტის შემოთავაზებად, მათთან გავაგრძელო სადოქტორო პროგრამა, დავაარსო და ვუხელმძღვანელო ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კვლევის ცენტრს და ვიმუშავო ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე. ვფიქრობ, დღემდე ჩემ მიერ მიღებულ გამოცდილებათა შორის ჩინეთში განვლილი გზა ყველაზე მეტად მრავალფეროვანია”, - აცხადებს თამარ მენთეშაშვილი.
კვლევითი მოღვაწეობის პარალელურად თამარ მენთეშაშვილმა შანხაის უნივერსიტეტში საზოგადოება Blockchain Hub დააარსა, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევარებსა და ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს.
”ამ საზოგადოების ფარგლებში რამდენიმე სტუდენტური კონფერენცია უკვე გაიმართა, ასევე ჰაკათონებისა და სხვა ტიპის კონკურსების ორგანიზებაა დაგეგმილია. ჩვენს ერთ-ერთ მიზანს ამ სფეროში სტუდენტების ინფორმირება წარმოადგენს”, - ამბობს მკვლევარი.
ცოტა ხნის წინ თამარმა სტარტაპ კომპანია Viewfin-თან გააგრძელა მუშაობა ერთ-ერთი პროექტის კონსულტირების კუთხით. დღეს აღნიშნული კომპანია უკვე 75 ადამიანისგან შედგება, აქვს ოფისები როგორც შანხაიში, ასევე დუბაიში და განაგრძობს სწრაფი ტემპებით ზრდას.
ფინანსური ინოვაციებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მკვლევარმა ”ბიზნესპრესნიუსთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
”წლის ბოლომდე ჩართული ვიქნები საქართველოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საჯარო სექტორში ინტეგრაციისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესში GIZ-ის მიერ მოწვეული ანალიტიკოსის სტატუსით. ამავდროულად, შანხაიში განვაგრძობ აკადემიურ სფეროში საქმიანობასა და ასევე იმ პროექტებზე მუშაობას, რომლებიც მჯერა, რომ ახალ რეალობას ქმნიან 21-ე საუკუნეში", - ამბობს 24 წლის მკვლევარი.
მისივე თქმით წარმატების მისაღწევად, მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს ინტერესიანი, იცოდეს რა ინფორმაციას ფლობს, რას არა და ყოველთვის ცდილობდეს, მეტი აითვისოს.
თათია ახვლედიანი
24-year-old Georgian researcher to lead blockchain technology research center in China