უცხოელებისთვის მიწის გაყიდვის აკრძალვის შემოღებას თავისი ფასი აქვს და მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, მოხარულნი არიან თუ არა ისინი ეს ფასი გადაიხადონ, - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიმ.
„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო არ არის სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა. სოფლის მეურნეობაში ჩადებული უცხოური ინვესტიციები ძალიან მცირეა. თუ არ ვცდები, უცხოური ინვესტიციების საერთო ჯამის 0.6%-ს შეადგენს სოფლის მეურნეობაში ჩადებული უცხოური ინვესტიციები. უცხოელების მიერ მიწის საკუთრების უფლების საკითხი უფრო ფილოსოფიურია, ვიდრე ეკონომიკური“, - აღნიშნა ფადი ასლიმ.
მისი თქმით, თუკი უცხოელებისთვის მიწის გაყიდვის აკრძალვის კანონს მიიღებენ, ეს გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასების შემცირებას.
„ეს გავლენას მოახდენს ქართველების ჯიბეზე, ეს შეზღუდავს ბანკის შესაძლებლობას გასცეს სესხები ფერმერებზე, ვინაიდან ბანკების უმეტესობას უცხოელები ფლობენ, უცხოური კაპიტალით. შესაბამისად, ისინი ვერ გამოიყენებენ მიწას როგორც სესხის დაბრუნების უზრუნველყოფას. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ასევე, ვერ შეძლებენ სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსებას. ამიტომაც, ამ კანონის შემოღებას თავისი ფასი აქვს და მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, მოხარულნი არიან თუ არა ისინი, ეს ფასი გადაიხადონ“, - დასძინა ფადი ასლიმ.