ამერიკის საელჩოს ინიციატივით საქართველოს NASA-ს ინჟინერი შონ ფულერი სტუმრობს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან იუწყებიან.
მათივე ცნობით, ფულერის ვიზიტი მოიცავს ამერიკის სამოქალაქო კოსმოსური პროგრამის და ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებისთვის სამეცნიერო განათლების მნიშვნელობის შესახებ ლექციებსა და სემინარებს.
”შონ ფულერის საქართველოში ვიზიტი შედგება ამერიკის საელჩოს დაფინანსებითა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) ხელშეწყობით. ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ახდენს $140 მილიონის ინვესტირებას საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური, საინჟინრო და მათემატიკური (STEM – Science, Technology, Engineering, Math) განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და ასევე, სავარაუდოდ სარგებლობას მოუტანს 1.7 მილიონ ქართველს. კომპაქტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს უნივერსიტეტს შორის პარტნიორობას, რაც საშუალებას იძლევა, სან დიეგოს უნივერსიტეტმა გასცეს ამერიკაში აკრედიტირებული STEM ბაკალავრის ხარისხები, ასევე ჩატარდეს ტრენინგები საშუალო სკოლების ბუნებისმეტყველების და მათემატიკის მასწავლებლებისთვის და სკოლის დირექტორებისთვის, მოხდეს ეროვნული და საერთაშორისო განათლების შეფასება, სოფლის სკოლების რეაბილიტაცია, ასევე გაიცეს გრანტები პროფესიული სასწავლებლებისთვის, როგორიცაა ავიაციის აკადემია თბილისში და საზღვაო აკადემია ბათუმში.
შონ ფულერი მისურის შტატის ქალაქ სანტ ლუისში დაიბადა და იქვე გაიზარდა. მან პილოტის ლიცენზია ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მიიღო და ფიზიკის ინჟინერიის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ემბრი რიდლის აერონავტიკის უნივერსიტეტში მოიპოვა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შონმა მუშაობა გაერთიანებულ კოსმოსურ ალიანსში, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში დაიწყო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) მისიის ორგანიზატორად. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილებამ განაპირობა NASA-ში მუშაობის დაწყება, სადაც ის დაინიშნა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპედიცია 1-ის ოპერაციების ხელმძღვანელად. ამ რანგში შონი ზედამხედველობდა ექსპედიცია 1 მისიის მომზადების ბოლო ეტაპს და წვრთნებს NASA-ს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპედიცია 1 ეკიპაჟის წევრი ასტრონავტისთვის.
ამჟამად ბატონი ფულერი მუშაობს კოსმოსში ადამიანების ფრენის NASA-ს პროგრამების დირექტორად ევრაზიის მასშტაბით და პასუხისმგებელია NASA-ს ეკიპაჟის წვრთნაზე, ფრენის მართვის ცენტრზე, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფრენის მართვის გუნდისა და ინჟინრების მუშაობაზე”, - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს ინფორმაციაში.
ფულერის ლექცია დღეს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.