სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ინვესტორების ნდობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამის შესახებ „ბრითიშ ამერიქან ტობაკოს“ კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - „ფილიპ მორისისა“ და „ბრითიშ ამერიქან ტობაკოსთვის“ 100 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის გაუქმება, საკმაოდ პოზიტიური გზავნილი იყო ბიზნესისთვის.
„რა თქმა უნდა , უფრო მეტი გახსნილობა იქნება საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მსგავსი დავა არის უპრეცედენტო საქმე საქართველოსთვის და გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო და გამოიტანა, არის საკმაოდ პოზიტიური, პროგრესული. პროფესიონალურად იქნა შეფასებული იქნა მთელი რიგი არგუმენტები“, - აღნიშნა ზვიად სხვიტარიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის სამართალწარმოება არის საკმაოდ მწირი სფერო, მოსამართლეთა კოლეგიამ აბსოლუტურად დეტალურად და სკურპულოზურად მოახდინა საქმის გარემოებების შეფასება და სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა.
„ამდენად ამ კონკრეტულ საქმეს ჩვენ ვაფასებთ ძალიან პოზიტიურად, რაც მეორე მხრივ ხაზს უსვამს სასამართლოს ობიექტურობასა და და მოუკერძოებლობას“, - აღნიშნა „ბრითიშ ამერიქან ტობაკოს“ კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა.
ზვიად სხვიტარიძის თქმით, სასამართლო სისტემაზე საუბრისას, ცალსახად ხაზგასასმელია გადამზადებისა და ტრენინგების აუცილებლობა.
„ზოგადად სასამართლო რეფორმირების პროცესშია და ბევრი აქტორია ჩართული, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, მთავრობა თავისი პროგრამებით, USAID. ვფიქრობ, რაც მეტი გადამზადება იქნება, განსაკუთრებით კონკურენციის სამართალწარმოების სფეროში, ამ სფეროს პრობლემატურობიდან გამომდინარე, მით უფრო გაძლიერდება მოსამართლეების კვალიფიკაცია“, - აღნიშნა ზვიად სხვიტარიძემ.