ნასას პროგრამების დირექტორი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკში, ნასას ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგრამების დირექტორი შონ ფულერი ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეებსა და გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შონ ფულერმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ნასაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს თანამედროვე ინოვაციურ მიდგომებზე. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებსა და შონ ფულერს საკუთარი ნამუშევრები გააცნეს.

”მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტის საშუალება რომ მომეცა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს ვხვდები და მათ ნამუშევრებს ვეცნობი. ასევე დაგეგმილი მაქვს სანდიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაც. ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია ინჟინერიისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარება და ხელშეწყობა”, - განაცხადა ნასას ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგრამების დირექტორმა შონ ფულერიმ.

”ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი არის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც მე-3 წელია საქართველოში იმართება და მისი მიზანია ხელი შევუწყოთ მაღალი კლასის მოსწავლეების ინოვაციური და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას”, - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ფულერის ვიზიტი ორგანიზებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დისციპლინების მიმართ ინტერესის წახალისებას.