გივი ჯიბლაძისთვის 150 ათასი დოლარის გამოძალვისთვის დაკავებული ერთი პირი, მისი ბიზნესპარტნიორი იყო

სამშენებლო კომპანია ”სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებასა და მისთვის თანხის გამოძალვის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ცნობილი გახდა, გივი ჯიბლაძისთვის 150 ათასი დოლარის გამოძალვისთვის დაკავებული ერთი პირი, მისი ბიზნესპარტნიორი იყო. არსებული ინფორმაციით, თანხა, რომლის გამოძალვასაც გამოძიება დაკავებულს ედავება, კომპანია ”სვეტთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაში იყო გაწერილი, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელს, გარკვეული უძრავი ქონების შეძენის შემდეგ უნდა გადაეხადა.

გივი ჯიბლაძის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე, ერთ-ერთ კომპანიასთან მსგავსი დეტალების ხელშეკრულების გაფორმებას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დაკავებული პირები ამ კომპანიის ისეთი თანამშრომლები არ იყვნენ, ვისთვისაც ფული უნდა გადაეხადათ. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გივი ჯიბლაძე დაკავებულთაგან ორს იცნობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბახტაძე, ურთიერთობაში ნიჟარაძის გვარს იყენებდა.

”ხელშეკრულება ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაციასთან ნამდვილად არის გაფორმებული, თუმცა მას აქვს ორი პირობა - ნეგატიური და პოზიტიური პირობა. კერძოდ, პირობის თანახმად, თუკი ”სვეტი” მიიღებდა შესაბამის კოეფიციენტს მშენებლობისთვის, მაშინ ვიხდიდით 150 ათასს და დამატებით მიწები უნდა გაგვეცა ფიზიკურ პირებზე, ხოლო ამ ქონებას ვიტოვებდით ჩვენ. ნეგატიური პირობა კი იყო ის, რომ თუ კომპანიისთვის მიღებული კოეფიციენტი უინტერესო იქნებოდა, ხელშეკრულება ავტომატურად ჩაშლილი ხდებოდა. ეს ადამიანები, კერძოდ, დაკავებულებიდან ორ ადამიანთან გვქონდა ჩვენ შეხება, არ იყვნენ იმ კომპანიის ისეთი წარმომადგენლები, ვისთანაც ასეთი საკითხები უნდა განხილულიყო. მათთან უბრალოდ ტექნიკურ საკითხებს განვიხილავდით. ნათლად რომ დაინახოთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, გეტყვით, რომ ამ შემთხვევის გამო კომპანიასთან, რომელთანაც ხელშეკრულება გვაკავშირებს, ურთიერთობას არ შევწყვეტთ და არც გავაფუჭებთ. იმისთვის, რომ ვინმეს რამე თანხა მოეთხოვა ჩვენთვის, ხელშეკრულების ნეგატიური ან პოზიტიური პირობა უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში, რაც არ მომხდარა და ჩვენთვის რაიმე შედეგი არ დამდგარა. ჩვენ ამას პარტნიორ ორგანიზაციასთან ურთიერთობად არ განვიხილავთ, რადგან მათთან ჩვენ ძალიან ცივილური ურთიერთობა გვაქვს. ამ კომპანიასთან ურთიერთობა ამ ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება გაგრძელდეს კიდეც”, - განაცხადა დიმიტრი ტორაძემ.