ფინანსური მონიტორინგის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკიდან ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არ გადავა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა.

ფინანსთა მინისტრი "ექსპო ჯორჯიაში" საერთაშორისო კონფერენციას - "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები" დაესწრო.

"თავიდანვე იყო რამდენიმე ალტერნატივა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამსახურის დამოუკიდებლობა. დღესაც ეს სამსახური ანგარიშვალდებულია პრემიერის წინაშე, უზრუნველყოფილი იქნება მისი დამოუკიდებლობის ხარისხი", - განაცხადა ხადურმა.

მისი თქმით, უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ეს სამსახური სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა უწყებების დაქვემდებარებაშია.

"თუმცა, მთავრობაში კანონპროექტის ავტორებთან კონსულტაციის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმის გამო, რომ გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი ფინანსთა სამინისტროში, სჯობს ეს სამსახური იყოს საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.