თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე ჩამოსული მეწყრული მასისაგან საავტომობილო გზა სრულად გაწმენდილია, საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია და გადაადგილება განხორციელდება სპეციალური რეჟიმით , - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისა და კომპანია „გერალის“ წარმომადგენლების 24-საათიანი ინტენსიური სამუშაო რეჟიმის შედეგად, თუშეთთან დამაკავშირებელი 600-მეტრიანი გზის მონაკვეთი სრულად განვლადია. ტრანსპორტის გადაადგილებას სამუშაოთა მწარმოებელი დაარეგულირებს.

ამ დროისათვის გზის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს, როგორც მძიმე ტექნიკა ასევე მთამსვლელები, რათა სრულად მოხდეს არსებული გზის მოწესრიგება, წყლის დონის დაწევა, ვაკისის ფერდის დაწევა და კლდოვანი მასებისაგან ფერდების ჩამოსუფთავება.

თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. შემდეგ აპრილის თვეში განმეორებითი - დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც საგრძნობლად დაამძიმა არსებული მდგომარეობა.