საქართველოს მოსახლეობას შორის ფინანსური შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, 2011 წელს ჯინის კოეფიციენტი - 0.42, 2015 წელს - 0.38, ხოლო 2016 წელს - 0.39 იყო. ეს ნიშნავს, რომ ამ კუთხით ვითარება უარესდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ევროპული ქვეყნების 0.25-იან მაჩვენებელთან მიახლოება ახლო მომავლის საქმე არ არის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ჯინის კოეფიციენტი (უთარასწორობის მაჩვენებელი) მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,39 პუნქტს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით გაუარესებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ, 2007 წლიდან მოყოლებული, ჯინის ინდექსი 0,43 ერთეულიდან ნელ-ნელა მცირდებოდა და პირველად ბოლო 9 წლის განმავლობაში შარშან გაუარესდა.
თუ განვითარებულ მსოფლიოს გადავხედავთ, საქართველოში არსებული ჯინის კოეფიციენტი საშუალოზე მაღალია. ჩვენი კოეფიციენტი აჭარბებს როგორც მისი მეზობლების, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაჩვენებელს, გარდა რუსეთისა და თურქეთისა.
მოსახლეობის ფენებს შორის უთანასწორობაზე კარგა ხანია, საუბრობდა აკადემიკოსი ავთო სილაგაძე და ახლა მისი ვარაუდი უკვე სტატისტიკამაც დაადასტურა. მისი თქმით, ვითარება ჯერ ვერ გამოსწორდება და ამ მხრივ აუცილებელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
"საქართველოში 2011 წელს ჯინის კოეფიციენტი 0.42 იყო, 2015 წელს - 0.38, ხოლო 2016 წელს - 0.39. ეს არის მაღალი და არასასურველი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლები არ ნაწილდება სოციალურ ფენებში და შედარებით მცირე ჯგუფს მიაქვს მისი დიდი ნაწილი. საქართველოს პრიორიტეტი არის ამ კოეფიციენტის საშუალო ევროპული ქვეყნების მაჩვენებელთა დონემდე დაყვანა, რომელიც 0.25-2.26 ფარგლებში მერყეობს და ითვლება საკმაოდ კარგ მაჩვენებლად. საქართველო არათუ უახლოვდება ამ მაჩვენებელს, არამედ უკვე დაშორდა კიდეც.
იმისთვის, რომ მოსახლეობას ყოფა შეუმსუბუქდეს და სიტუაცია დაბალანსდეს, აუცილებელია, შემოსავლები გადანაწილდეს ფართო მასებზე. ეს ახალი სამუშაო ადგილებისა და საშუალო ფენის გაძლიერებაზეა დამოკიდებული", - განუცხადა "რეზონანსს" სილაგაძემ.
შემოსავლების არათანაბარ გადანაწილებაზე, რომელიც მოსახლეობაში დაძაბულობას იწვევს, საუბრობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც. წლების წინ ჩამოყალიბებული უთანასწორობის დონე ვერაფრით შეიცვალა. სახელმწიფოს რესურსი იმისა, რომ ფინანსურად დაეხმაროს დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, საკმაოდ შეზღუდულია. მისი მთავარი ამოცანაა, შექმნას რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი.
"ქვეყანაში ეკონომიკური უთანასწორობა ახალი მოვლენა ნამდვილად არ არის, ამას საფუძველი 90-იანებში დაედო და, მიუხედავად მთავრობის მუდმივი დაპირებისა, ბევრი არაფერი შეცვლილა. დღეს საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავე ადგილზეა შემოსავლების განაწილების მიხედვით. მაღალშემოსავლიანი ფენისა და დაბალშემოსავლიანი კატეგორიის შემოსავლებს შორის სხვაობის კოეფიციენტი არის 17%. ყველა ცნობილი მეცნიერი ამბობს, რომ როდესაც ეს სხვაობა 10%-ზე მეტია, საზოგადოებაში დაძაბულობის მაჩვენებელიც მაღალია.
ჯინის კოეფიციენტის მცირე ცვლილებაც კი მტკივნეულად აღიქმება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება ყველასთვის აშკარაა. ჩვენთან ჯინის კოეფიციენტი 0.39-ია. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ციფრი რეალობას არ არის მოკლებული.
სახელმწიფოს რესურსი იმისა, რომ ფინანსურად დაეხმაროს დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, საკმაოდ შეზღუდულია. ბიუჯეტში გაწერილია ყველაფერი და რაიმე ახლის მოგონება შეუძლებელია, თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, მის მიერ გატარებული სოციალური პოლიტიკით სტიმული მისცეს ხალხს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და მოსახლეობა აღარ იყოს მოწყალებაზე დამოკიდებული", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას არჩვაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"